
გვალვამ და უკიდურესად მაღალმა ტემპერატურამ ევროპის კონტინენტზე კლიმატის ცვლილების ფონზე რეკორდული რაოდენობის ხანძრები გამოიწვია, რამაც უხეში გათვლებით, ნახევარი ჩრდილოეთ ირლანდიის ტოლი ტერიტორია გადაწვა.
ტყის ხანძრების ევროპული საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 13 აგვისტოს ჩათვლით, ევროკავშირში ტყის ხანძრებმა 660,249 ჰექტარი მოიცვა. მიმდინარე წლის დანაკარგი სამჯერ აღემატება 2006-2021 წლებს შორის არსებულ საშუალო წლიურ მაჩვენებელს.
ევროკავშირში ხანძრების რაოდენობამ 2006 წლის შემდეგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. აგვისტოს შუა რიცხვებში შემთხვევების ოდენობა 2,300-მდე გაიზარდა, რაც ბევრად აღემატება გასული 16 წლის განმავლობაში აღრიცხულ ყოველწლიურ მონაცემებს. გვალვისა და ცხელი მასების ზრდამ ბოლო რამდენიმე კვირაში მთელ ევროპაში ხანძარსაშიში ვითარება შექმნა.
ესპანეთი მიეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც ხანძარმა ყველაზე მეტად დააზიანა. რუმინეთი, საფრანგეთი და გერმანიაც ხანძრის უჩვეულო ალშია გახვეული.
ხანძრის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგი უწყობს ხელს პლანეტაზე ტემპერატურის მატებას. გამონაბოლქვი, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება ჰაერის ხარისხზე მთელი კონტინენტის მასშტაბით. მაღალი ტემპერატურა კი ოზონის უკიდურესად მაღალი ხარისხის დაბინძურებას იწვევს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლორა მილან ლომბრანა