LIVE

საქართველოს მთავრობა საწვავის გაიაფებას თვის ბოლოსთვის ელის

11 აგვ 202217:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 912
საქართველოს მთავრობა საწვავის გაიაფებას თვის ბოლოსთვის ელის

საქართველოს მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასები საგრძნობლად შემცირდება. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

"ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდა, საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები განიხილეს. საწვავის ფასებთან დაკავშირებით ქსელური კომპანიების წარმომადგენლებთან ლევან დავითაშვილისა და ლაშა ხუციშვილის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით მიმდინარეობს.

ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კერძო სექტორთან ერთად განიხილება საწვავის ბაზარზე კონკურენციის, ასევე საწვავით მომარაგების იაფი წყაროების მოძიების საკითხები, რამაც შესაძლებელია უზრუნველყოს ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის არსებული ფასების შემცირება. მისივე განცხადებით, მთავრობა, კერძო სექტორთან ერთად, აქტიურად მუშაობს და განიხილავს მაქსიმალურ შესაძლებლობებს ფასების შემცირებასთან დაკავშირებით",- აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ნავთობპროდუქტების ბაზრის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.

"როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია, საწვავის ბაზარზე იყოს უფრო მაღალი კონკურენცია და კომპანიებთან გაგრძელდება მსჯელობა იმ საკითხებზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ მიზნის მიღწევა და რამდენად შეუძლიათ მსხვილ კომპანიებს ბევრად უფრო მისაღები ფასით შესთავაზონ საწვავი მომხმარებლებს",- აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ კიდევ აპრილში აცხადებდა, რომ საწვავი მალე გაიაფდებოდა. მან იმპორტიორებს ფასის კორექტირებისკენ არაერთხელ მოუწოდა და საკითხის შესწავლა კონკურენციის სააგენტოს დაავალა.  

თავის მხრივ, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი ლექვინაძე "ბიზნეს ფორმულას" ეთერში აცხადებდა, რომ საწვავი აგვისტოს დასაწყისიდან გაიაფდებოდა. 

კონკურენციის სააგენტოს საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის თანახმად, გლობალურად საწვავის გაიაფებისა და ლარის გამყარების პარალელურად, საქართველოში მარტის ბოლოდან გაიაფებული საწვავის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდებოდა, რაც საწვავის ადგილობრივ ფასზე არ აისახა.