FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის თანახმად, ივნისი მიყოლებით მესამე თვეა, როცა მსოფლიოში სასურსათო საქონლის ფასები ოდნავ შემცირდა. ამ ფონზე, იმპორტიორები აგვისტოდან საქართველოში გარკვეული პირველადი მოხმარების პროდუქტების გაიაფებას ელიან.
კერძოდ, ზეთის იმპორტიორი კომპანია "მზიურის" დირექტორის, დიმიტრი რამიშვილის განცხადებით, საერთაშორისო ფასების კლებისა და ლარის შედარებით სტაბილური კურსის შედეგად, კომპანიამ პროდუქციის ბოლო პარტიები შედარებით ნაკლებ ფასად შეიძინა. როგორც მან "ბიზნეს ფორმულას" განუცხადა, აგვისტოდან ზეთის ღირებულება შესაძლოა, 2 ლარით შემცირდეს.
"მაგალითად, დღეს სუპერმარკეტების დახლებზე ზეთის საშუალო ფასი 7 ლარიდან 10 ლარამდე მერყეობს. ჩვენი ვარაუდით, უკვე აგვისტოდან ფასის საშუალო დიაპაზონი იქნება 6 ლარიდან 8 ლარამდე ფარგლებში, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი კლებაა",- აცხადებს დიმიტრი რამიშვილი.
ცნობისთვის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განახლებული ანგარიშის მიხედვით, მაისის შემდეგ ივნისში ფასებმა 2.3%-ით იკლო. კლება ფიქსირდება ისეთი პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, როგორიცაა მცენარეული ზეთი, რომლის ფასიც წინა თვესთან შედარებით 8%-ით შემცირდა. ხორბლის ფასმა იკლო თითქმის 6%-ით, მაგრამ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ფასი 48.5%-ით მეტია.