LIVE

ივნისში ხორბალი წლიურად 48.5%-ით გაძვირდა - FAO

11 ივლ 202216:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 695
ივნისში ხორბალი წლიურად 48.5%-ით გაძვირდა - FAO

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, ივნისში ხორბალზე საერთაშორისო ფასები წლიურად 48.5%-ით გაიზარდა.  

რაც შეეხება ზოგადად სასურსათო საქონლის ფასებს, FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის თანახმად, მიმდინარე წლის ივნისი მიყოლებით მესამე თვეა, როცა მსოფლიოში სასურსათო საქონლის ფასები ოდნავ შემცირდა. 

სურსათის ფასების ინდექსმა მაისის შემდეგ 2.3%-ით იკლო და 2022 წლის ივნისში საშუალოდ 154.2 ქულა შეადგინა. თუმცა, ის 2021 წლის ივნისის მაჩვენებლებს 23.1%-ით უსწრებს.

ინდექსი სასურსათო საქონლის საერთაშორისო ფასებზე ყოველთვიურ ცვლილებებს აჩვენებს. ივნისში მისი კლება აისახა მცენარეული ზეთის, მარცვლეულისა და შაქრის ფასებზე, ხოლო რძის პროდუქტისა და ხორცპროდუქტის ფასები გაიზარდა. 

FAO- მარცვლეულის ფასების ინდექსი

ივნისში FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსმა საშუალოდ 166.3 ქულა შეადგინა. მაისთან შედარებით ის 4.1%-ით დაეცა. თუმცა, გასული წლის ამავე თვის მონაცემებს ინდექსი 27.6%-ით აჭარბებს. საერთაშორისო ფასები ხორბალზე ივნისში 5.7%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის მაჩვენებელს 48.5%-ით აღემატება.

„ივნისის ვარდნა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მოსავლის აღებამ და სეზონურმა ხელმისაწვდომობამ გამოიწვია, ასევე, ზოგიერთ მთავარ მწარმოებელ ქვეყანაში მოსავლის აღების გაუმჯობესებულმა პირობებმა და რუსეთის ფედერაციაში მაღალი მოსავლიანობის პროგნოზმა.

შემცირდა სიმინდის ფასი - 3.5%-ით, რომლის მიზეზიც არგენტინასა და ბრაზილიაში სეზონური ხელმისაწვდომობა და აშშ-ში მოსავლის აღების გაუმჯობესებული პირობები გახდა“, - აღნიშნულია FAO-ს სურსათის ფასების ინდექსში.

FAO- მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი

ინდექსმა ივნისში საშუალოდ 211.8 ქულა შეადგინა და წინა თვესთან შედარებით ის 7.6%-ით შემცირდა. ასევე, ფასმა დაიკლო მზესუმზირის ზეთსა და სოიოს ზეთზე, რაც მაღალი ფასების გამო მათზე შემცირებულ მოთხოვნას მოჰყვა. 

FAO- შაქრის ფასის ინდექსი

ივნისში ინდექსი საშუალოდ 117.3 ქულა იყო და, მაისთან შედარებით, 2.6%-ით შემცირდა. FAO-ს ინფორმაციით, ეს თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მათივე განცხადებით, შაქრის საერთაშორისო მოთხოვნასა და მის ფასებზე გლობალური ეკონომიკის ზრდის შენელებამაც იქონია გავლენა.

FAO- ხორცის ფასის ინდექსი

მაისთან შედარებით, ივნისში 1.7%-ით გაიზარდა FAO-ს ხორცის ფასის ინდექსი და 124.7 ქულა შეადგინა. ეს ახალი რეკორდია და 2021 წლის ივნისის მონაცემებს 12.7%-ით აჭარბებს. FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის თანახმად, მსოფლიო ფასები ყველა ტიპის ხორცზე გაიზარდა, ყველაზე მეტად კი  ფრინველის ხორცზე - ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. მასზე გავლენა მოახდინა უკრაინაში ომის გამო გლობალური მიწოდების შემცირებამ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ფრინველის გრიპმა.

FAO- რძის პროდუქტების ფასების ინდექსი

ივნისში ინდექსმა საშუალოდ 149.8 ქულა შეადგინა და წინა თვის შემდეგ 4.1%-ით მოიმატა, გასულ წლის მაისის მაჩვენებელს კი ინდექსი 24.9%-ით უსწრებს. ივნისში ყველა ტიპის რძის პროდუქტზე გაიზარდა ფასები, განსაკუთრებით კი ყველზე.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის თანახმად, ორგანიზაცია 2022 წელს მარცვლეულის გლობალური წარმოების პროგნოზს ზრდის.  

FAO- პროგნოზი 2022 წელს მარცვლეულის გლობალურ წარმოებაზე ივლისში 7 მილიონი ტონით, 2 მილიარდ 792 მილიონ ტონამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი 0.6 პროცენტით ნაკლებია 2021 წლის მსოფლიო წარმოებაზე

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ 2 მილიარდ 797 მილიონ ტონამდე გაზარდა 2022/23-ში მარცვლეულის გამოყენების პროგნოზი, თუმცა ის 2021/22-ის დონეს 0.1%-ით ჩამორჩება.

FAO-მ ასევე გამოაქვეყნა ანგარიში მოსავლის პერსპექტივებისა და სასურსათო ვითარების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს 46 ქვეყანა (33 აფრიკაში, 10 აზიაში, ორი ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში, ერთი კი ევროპაში) სასურსათო დახმარებას საჭიროებს. ამ სიაში არიან უკრაინა და შრი-ლანკა.