LIVE
ვიდეო
28 ივნ, 2022 13:46
საქართველოს მთავრობა ხორბლისა და ქერის ექსპორტს ერთი წლით კრძალავს
1159

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 ივლისიდან ხორბლისა და ქერის ექსპორტი ერთი წლით იკრძალება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე და მცირე წარმოების გამო ექსპორტს ვერ ახორციელებს, სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, შექმნილი ვითარება აჩენს რისკს, ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე გავიდეს. 

„რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლისა და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს.

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე, საქართველოდან ხორბლისა და ქერის ექსპორტი აკრძალოს. ამ ეტაპზე, შეზღუდვები არ ვრცელდება სიმინდის ექსპორტზე“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

რაც შეეხება ქერს, სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში წარმოებული ქერის ექსპორტი ერაყსა და ირანში ხორციელდება. უწყების განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეღორეობის დარგებში საკვები რესურსი ქერი, ამ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იქნას რეალიზებული. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქერის საპროგნოზო მოსავალი 60 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს. დღეის მდგომარეობით კი, 2,5 ათას ტონაზე მეტია ექსპორტირებულია. 

ცნობისთვის, საქართველო მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ხორბლის იმპორტზე. 2021 წელს საქართველოს მხოლოდ 136 ათასი ტონა ხორბლის მოსავალი ჰქონდა, პარალელურად ქვეყანა ყოველწლიურად 500 ათასი ტონა ხორბალს ყიდულობს. ამასთან, ადგილობრივი ხორბალი უმეტესწილად საფურაჟედ, ანუ პირუტყვის საკვებად გამოიყენება. 2021 წელს საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 92.1% რუსული იყო.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ