LIVE
ვიდეო
07 ივნ, 2022 11:31
ფადი ასლი: ინვესტორთა საბჭოს პრემიერთან შეხვედრა თეატრალურ წარმოდგენად იქცა
401

საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში (ICC-Georgia) პროტესტის ნიშნად არ დაესწრება დღეს დაგეგმილ ინვესტორთა საბჭოს სხდომას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავმჯდომარეობს.

როგორც ICC-ში აცხადებენ, გადაწყვეტილების მიზეზი უსაფრთხოების სამსახურის მიერ რეზიდენტობის თვითნებური გაუქმების/ჩამორთმევის საკითხის დღის წესრიგიდან ბოლო წუთს მოხსნაა. ეს კი იმ ფონზე, რომ სავაჭრო პალატის თანახმად, უკვე წლებია ეს საკითხი ნომერ პირველი დაბრკოლებაა საქართველოში უცხოური ინვესტიციებისთვის.

„ინვესტორთა საბჭოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა იქცა თეატრალურ წარმოდგენად, სადაც ყველა განსახილველი საკითხი სხდომამდე წინასწარ იდგმება, მსახიობებს ეუბნებიან რა უნდა თქვან ან არ უნდა თქვან, და ყველა პრობლემური საკითხი, რომელმაც შეიძლება მთავრობა გაანაწყენოს, ამოღებულია დღის წესრიგიდან, რათა არ მოხდეს საკითხის განხილვა. წლებია, რეზიდენტობის ნებართვის საკითხი სისტემატურად წამოიჭრება ინვესტორთა საბჭოზე ICC-Georgia-ს მიერ და ყოველთვის, როცა საკითხი დგება, შეხვედრის წინ მისი დღის წესრიგიდან ამოღება ხდება“, - განაცხადა ფადი ასლიმ, ICC- Georgia-ს თავმჯდომარემ.

სავაჭრო პალატის განცხადების თანახმად, 2013 წლიდან მოყოლებული ინვესტიციები საქართველოში სრულ სტაგნაციაშია მთავრობის არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამო უცხოელი ინვესტორებისადმი.

„უკვე წლებია, საქართველოში უსაფრთხოების სამსახური სისტემატურად ეუბნება უარს ბინადრობის ნებართვაზე უამრავ უცხოელ ინვესტორს, თვითნებურად აუქმებს ბინადრობის ნებართვებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მას შემდეგ, რაც ეს ინვესტორები ინვესტიციებს განახორციელებენ ქვეყანაში, რამაც აიძულა ბევრი მათგანი ქვეყანა დაეტოვებინა და უარი ეთქვა საკუთარ ინვესტიციებზე. ამ პრაქტიკამ საქართველოს საშინელი რეპუტაცია შესძინა საერთაშორისო დონეზე და უცხოელი ინვესტორების უმეტესობა საქართველოს ახლა ინვესტიციებისთვის არასანდო და საშიშ ადგილად აღიქვამს. სანამ მთავრობა ამ პოლიტიკას არ შეცვლის, მანამ საქართველოში ცოტა უცხოური ინვესტიცია იქნება და უმუშევრობის და სიღარიბის დონე დარჩება მაღალი“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ინვესტორთა საბჭო კერძო და საჯარო დიალოგის დამოუკიდებელი პლატფორმაა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობს. 

აღსანიშნავია, რომ წელს ინვესტორთა საბჭო პირველად იკრიბება. ინვესტორთა საბჭოს ბოლო, რიგით მეთექვსმეტე სხდომა გასული წლის 25 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე, ვაქცინაციის პროცესი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს. 

დღესდღეობით არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას კერძო სექტორის ნაწილი ინვესტორთა საბჭოს სხდომის ჩატარების საჭიროებაზე ჯერ კიდევ გასული თვის დასაწყისში მიუთითებდა.

მეტის ჩვენება