LIVE
ვიდეო
27 მაი, 2022 13:00
ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს პოლიტიკურ ზეწოლაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს - მორიგი განცხადება
1297

ბიძინა ივანიშვილის სახელით CS Victims მორიგ განცხადებას ავრცელებს და შვეიცარიულ ბანკს Credit Suisse-ს პოლიტიკურ ზეწოლაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.  

განცხადებაში ნათქვამია, რომ Credit Suisse-ის მიერ დანიშნულმა რწმუნებულმა ივანიშვილისთვის თანხის ჩარიცხვა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ყოველგვარი გონივრული საფუძვლის გარეშე შეაყოვნა და ის "აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკურ მოვლენებთან" დამატებითი დეტალების გავრცელების გარეშე დააკავშირა. 

"უკვე 45 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ბრძანება მიიღეს, ტრასტი აგრძელებს ბენეფიციარების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების იგნორირებას და ეს კონტექსტი მნიშვნელოვანია საკითხის სათანადო შეფასებისთვის. ბატონმა ივანიშვილმა Credit Suisse-თან მრავალწლიანი ურთიერთობიდან მიიღო ორი "დაუვიწყარი საჩუქარი": პირველი, ბანკის პერსონალის მიერ განხორციელებული თაღლითობისა და არასწორი მენეჯმენტის შედეგად დაკარგული $1 მილიარდზე მეტი და მეორე, მიმდინარე პრობლემები ბანკის რჩევით შექმნილ ტრასტებთან, რომლებსაც მნიშვნელოვანი თანხები გადაეცათ და ნებისმიერი ფორმით გაცემაზე წვდომა ძალიან შეზღუდულია", - აღნიშნულია ივანიშვილის პრესსპიკერის განცხადებაში. 

პირველ ნაწილთან დაკავშირებით, ივანიშვილმა უკვე მიაღწია წარმატებას ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად. ივანიშვილის მხარე წლის ბოლომდე მსგავს წარმატებას ელის სინგაპურშიც. 

prnewswire.com-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის 11 აპრილს ბენეფიციარებმა თანხის გაცემა მოითხოვეს. 13 აპრილს რწმუნებულმა გაცემის მიზანი ეჭვქვეშ დააყენა. 14 აპრილს საპასუხოდ მიწოდებული ამომწურავი ინფორმაციის მიუხედავად, რწმუნებულმა 20 აპრილს მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის დოკუმენტაცია და ინფორმაცია ხელმომწერების შესახებ. 5 მაისს რწმუნებულმა დაადასტურა, რომ მოწოდებული ინფორმაცია საკმარისი იყო და ხელმოწერისთვის საჭირო დოკუმენტების პროექტები მომზადდა. თუმცა, 19 მაისს რწმუნებულმა პროცესი შეაყოვნა და მოითხოვა ინფორმაცია, რომელიც 13 აპრილს უკვე მოწოდებული იყო. 

ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ ეს პროცედურა არღვევს საბანკო საქმიანობის ყველა დადგენილ სტანდარტს და საკითხის პოლიტიკაში გადატანა შემაშფოთებელი ესკალაციაა. უკრაინის ომზე მინიშნება უპრეცედენტოა და პოლიტიკური ზეწოლა ყოველგვარი გამართლების გარეშეა. 

განცხადების ბოლოს აღნიშნულია, რომ ივანიშვილი გააგრძელებს საზოგადოების წინაშე Credit Suisse-ის წარუმატებლობების გამოაშკარავებას, რასაც ის მორალურ ვალდებულებად მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ ამით ბანკსა და მის შვილობილ კომპანიებს სხვა მომხმარებლების ინტერესების შელახვისგან დაიცავს.  

ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან მრავალწლიანი დავა აქვს. 2022 წლის 29 მარტს, ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელეების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების სარჩელი. ბანკმა მილიარდერთან $600-მილიონიანი დავა წააგო. 

მიმდინარე თვეში ცნობილი გახდა, რომ პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ამჯერად შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ რწმუნებულს, Green Vals Trust-ს უჩივის და ბანკს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.

შვეიცარიულმა ბანკმა "ბიზნეს ფორმულასთვის" გამოგზავნილ წერილში CS Victims-ის ბრალდებები უარყო. "Credit Suisse ემსახურება თავის კლიენტებს ყველა მოქმედ კანონისა და რეგულაციასთან დაცვით, შესაბამისი ორგანოების ნებისმიერი სანქციების ჩათვლით", - ნათქვამია CS-ის შეტყობინებაში. 

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილს ხელოვნების ნიმუშებისა თუ ვერტმფრენის გადაადგილების პრობლემა შეექმნა, რაც საბანკო ჯგუფთან გლობალურად წარმოებულ კომპლექსურ დავას საეჭვოდ დაემთხვა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ