სასტუმრო „ადამოს“ გენერალური დირექტორის მაია მახათაძის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომმა, საქართველოს ტურისტულ სექტორზე შესაძლოა ბევრად უარყოფითი გავლენა იქონიოს, ვიდრე კოვიდ პანდემიამ.
როგორც მან "ბიზნეს ფორმულას" ეთერში აღნიშნა, დიდია ალბათობა, რომ ტურისტული ნაკადები რუსეთიდან და ბელორუსიდან შემცირდება და ამას ჯავშნების რაოდენობაც აჩვენებს. თუმცა, იმედი აქვს, რომ მზარდი ტენდენციები სხვა ბაზრებიდან, კერძოდ ისრაელიდან, შუა აზიიდან და ე.წ. გალფის ქვეყნებიდან სექტორს მოსალოდნელ დანაკარგებს შეუმცირებს.
„ფაქტობრივად ვირტუალურ ომში ვართ. პანდემიისგან 5 წუთიანი ამოსუნთქვის საშუალებაც არ გვქონდა, 24 თებერვალს მოვისმინეთ საშინელი ინფორმაცია, რომ უკრაინაში ომი დაიწყო. ფაქტობრივად გადავედით უარეს რეჟიმში ვიდრე პანდემიისას ვიყავით“,- განაცხადა მახათაძემ.
მისი თქმით, ქართული ტურისტული სექტორის გარკვეული ნაწილისათვის პრობლემას შექმნის ის გარემოებაც, რომ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებს Airbnb-ზე წვდომა აღარ ექნებათ.
„კონტინგენტი გადაინაცვლებს სასტუმროებში და ფართის მეპატრონეები რომლებიც Airbnb-ის მეშვეობით აქირავებდნენ ბინებს, ანუ სამასპინძლო სექტორის ეს სეგმენტი გადაწყობას და დივერსიფიკაციას ვეღარ მოასწრებს“,- აცხადებს მახათაძე.
მისივე შეფასებით, შექმნილ რთულ სიტუაციაში ტურიზმის სექტორის ქონების გადასახადისგან განთავისუფლება კარგია და ბიზნესს წაახალისებს, თუმცა მისი თქმით, ამ მიმართულებით მთავრობას უფრო მეტი ძალისხმევა მართებს.