LIVE
ვიდეო
26 აპრ, 2022 20:00
გიორგი ჩუგოშვილი: ერთმანეთს გვინდა შევახვედროთ უკრაინული მიწოდება და ქართული მოთხოვნა
1634

Phubber-მა უკრაინაში მუშაობა განაახლა და ახალ პროექტს გეგმავს. კერძოდ, Phubber-ის თანადამფუძნებლის, გიორგი ჩუგოშვილის განცხადებით, ახალი პროექტი უკრაინელ დიზაინერებს, ბრენდებსა და მაღაზიებს, თავდაპირველად ქართველ მომხმარებლებთან, შემდეგ კი საერთაშორისო ბაზართან დააკავშირებს.

ჩუგოშვილის განმარტებით, კომპანიის მიზანია, Phubber-ი უკრაინელებისთვის შემოსავლის წყარო გახდეს.

„საომარ მდგომარეობაში ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ჩანთები მოთხოვნადი არ არის, მაგრამ Phubber-ს აქვს მეორე მხარეც, სადაც მხოლოდ ფიზიკური პირები არ არიან. იქ ასევე არიან ბრენდები, დიზაინერები და სხვადასხვა ტიპის გამყიდველები. ერთმანეთს გვინდა შევახვედროთ უკრაინული მიწოდება და ქართული მოთხოვნა. ჯერჯერობით მხოლოდ ქართულ, ხოლო შემდეგ უკვე საერთაშორისო მოთხოვნაზეა საუბარი. უკრაინელ დიზაინერებთან, უკრაინულ ბრენდებთან და მაღაზიებთან, რომლებიც ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს ყიდიან, აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომ მათი კოლექციები Phubber-ზე განთავსდეს“, - აღნიშნა გიორგი ჩუგოშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში.

Phubber-ის თანადამფუძნებლის განცხადებით, კომპანიისთვის ეს კომერციული პროექტი არ არის.

„ბიზნესმოდელს ისე ვალაგებთ, რომ ტრანზაქციის დანახარჯები დაიფაროს. ჩვენ გვეყოლება ძალიან კარგი პარტნიორები, რომლებიც დაგვეხმარებიან, რომ ქართველი მომხმარებლებისთვის ჩამოტანის საფასური ხელმისაწვდომი იყოს. საზოგადოებას ყველა დეტალს უახლოეს მომავალში წარვუდგენთ“, - განაცხადა გიორგი ჩუგოშვილმა.

Phubber-ში ახლა ტექნოლოგიური გადაწყობის პროცესი მიმდინარეობს. მაისის დასაწყისში კომპანია აპლიკაციის ვერსიის გაშვებას გეგმავს. გიორგი ჩუგოშვილი იმედოვნებს, რომ ახალი პროექტი 7-დან 10 მაისამდე პერიოდში ჩაეშვება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ