2021 წლის საახალწლო სუფრა წინა წელთან შედარებით 8.3%-ით ძვირი დაგიჯდებათ. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, საახალწლო სუფრის საშუალო ღირებულება 183 ლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელთან შედარებით ახალი წლის სუფრის ინდექსის ფასები ყველა რეგიონში გაიზარდა.
საახალწლო სუფრა ყველაზე იაფი (176.5 ლარი) კახეთშია, ყველაზე ძვირი კი (189.1 ლარი) – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ყველაზე მაღალი ზრდა სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა, სადაც საახალწლო სუფრის ღირებულებამ 177.3 ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14.8%-ით მაღალია. ამის მიზეზი ისაა, რომ 2020 წელს ყველაზე დაბალი ფასები სწორედ ამ რეგიონში გვქონდა.
2021 წლის დეკემბერში 2020 წლის დეკემბერთან შედარებით თითქმის ყველა საკვები პროდუქტი გაძვირდა. ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ სურსათზე: კვერცხი (+38%), ყველი (+12%), კარტოფილი (+35%), სტაფილო (+38%), კიტრი (+15/9%), ვაშლი (+18%), რძე (+13%).
ნიგოზი საახალწლო სუფრის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული ინგრედიენტია. წლის ამ დროს, 1 კგ. ნიგვზის ფასი 22-27 ლარს შორის მერყეობს, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან (2020 წლის დეკემბერთან) შედარებით 5%-ით მაღალია.
ISET-ის ახალი წლის სუფრის ინდექსი ითვლის, რა უჯდება სტანდარტული საახალწლო სუფრა 5-6-სულიან ოჯახს საქართველოს თითოეულ რეგიონში. ცხადია, ყველა ოჯახსა და რეგიონს თავისი საახალწლო სუფრა აქვს, თუმცა კალკულაციის დროს გათვალისწინებულია ისეთ ტრადიციულ კერძებს, როგორიცაა: მწვადი, საცივი, ხაჭაპური, კალმახი, ქათმის ტაბაკა (შემწვარი), ოლივიეს სალათი, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი. დესერტისთვის, ტრადიციულად, ხილსა და გოზინაყზე ვაკეთებთ არჩევანს.
ცნობისთვის, წელს ინფლაცია 10-წლიან მაქსიმუმამდე დაჩქარდა და ბოლო 5 თვეა ორნიშნა მაჩვენებელი ფიქსირდება. მაღალი ფასების საერთო დონის ძირითადი კონტრიბუტორი გაძვირებული სურსათია, რაც განსაკუთრებით ნეგატიურად მოწყვლად ფენებზე აისახება. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ საქართველოში შინამეურნეობების სამომხმარებლო დანახარჯების 40% სწორედ სურსათზე მოდის.