2021 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.6%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5% შეადგინა. შესაბამისად, უკვე მეხუთე თვეა ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ჯგუფში ფასები 17%-ით გაიზარდა. 27.7%-ით არის ფასები მომატებული ზეთსა და ცხიმზე, 26.2%-ით გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული, პურისა და პურპროდუქტების ფასი 20.4 %-ით არის მომატებული, რძე, ყველი და კვერცხი 17.9%-ით გაძვირდა, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 17.4%-ით, თევზეული 16.0%-ით, ხილი და ყურძენი 15.5%-ით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 13.6%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 10.7%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო 6.9%-ით.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 20.2%-ით გაიზარდა. 30.1%-ით არის გაზრდილი ფასები პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე, სატრანსპორტო მომსახურებაზე კი 2.6%-ით.
ჯგუფში საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი, ფასების 11.5%-იანი მატება დაფიქსირდა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 14.2%, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება 7.2%, წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება 4.5%.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ინფლაციის კლებას 2022 წლის მარტიდან ელის. მისი განმარტებით, ფასების ზრდის გამომწვევი ფაქტორების ზემოქმედება სწორედ მარტიდან შემცირდება.