მომავალი წლიდან თბილისის მერიაში ყველა საჯარო მოხელეს ხელფასი 10%-ით გაეზრდება. ამის შესახებ "ბიზნეს ფორმულას" თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ განუცხადა.
მისი განმარტებით, დაბალი ხელფასების გამო, ბოლო წლებში თბილისის მერიას კვალიფიციური კადრების მოზიდვა უჭირს.
"ძალიან გვიჭირდა კვალიფიციური კადრების მიღება, გამომდინარე იქიდან, რომ ხელფასების ნაწილში კერძო სექტორს მნიშვნელოვნად ჩამოვრჩით. ვფიქრობ, ხელფასების ზრდა სწორი და გამიზნული ნაბიჯია. ადამიანებს, რომლებიც ზრუნავენ ქალაქსა და მის კეთილდღეობაზე, მათ შორის მეეზოვეებს, ანაზღაურება 10%-ით გაეზრდებათ. ბუნებრივია, ეს ტრანსფერი ცენტრალური ხელისუფლებისგან მივიღეთ, რათა დავაბალანსოთ ის ხარჯები, რომლებსაც ხელფასების მატების ნაწილში გავწევთ",-აცხადებს ოთარ გრიგოლია.
მისივე განცხადებით, დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში სახელფასო ფონდის 86 მილიონ ლარამდე ზრდა სწორედ ხელფასების მატებას უკავშირდება და არ იგეგმება დასაქმებულთა რაოდენობის არსებითი ცვლილება.
თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, შრომის ანაზღაურებაზე 86 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ხელფასებისთვის გამოყოფილი თანხა 17%-ით იზრდება 2021 წლის გეგმასთან და ასევე, 43%-ით 2020 წელს დახარჯულ თანხასთან შედარებით.