LIVE
ვიდეო
24 სექ, 2021 14:28
ნარმანია: "ენკას" გადაწყვეტილება სამწუხარო და დასანანია
1158

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) თავმჯდომარე, დავითა ნარმანია სამწუხაროს უწოდებს "ენკას" გადაწყვეტილებას "ნამახვანჰესის" ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებით. 

როგორც დავით ნარმანიამ "ბიზნეს ფორმულას" განუცხადა, "ნამახვანჰესისა" და სხვა ახალი გენერაციის ობიექტების გაჩერება ელექტროენერგიის ტარიფებს კიდევ უფრო გაზრდის.

"ქვეყანას მეტი ადგილობრივი გენერაცია სჭირდება, როგორც ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ასევე ენერგოუსაფრთხოებისთვის. ეკონომიკური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია გენერაციის ახალი ობიექტების განვითარება. "ენკასთან" დაკავშირებით ბოლო ინფორმაცია და გადაწყვეტილება, რაც გაჟღერდა სამწუხარო და დასანანია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მაინც გამოინახება საერთო ენა, ვიდრე ინვესტორი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ნამახვანჰესი" და სხვა ობიექტები კონსენსუსის, საერთო მაგიდის გარშემო დასხდომის, თუ რამე კითხვა არსებობს, პასუხის გაცემისა და დამატებითი კვლევების საფუძველზე, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. სხვა შემთხვევაში 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტად დააწვება ეს სამომხმარებლო ტარიფებს და მარეგულირებელ კომისიას მოუწევს ამასთან დაკავშირებით მსჯელობა",- აცხადებს ნარმანია. 

22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თურქული კომპანია "ენკა" საქართველოს მთავრობასთან "ნამახვანჰესის" ხელშეკრულებას წყვეტს. ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ კომპანიისგან მიიღეს შეტყობინება ხელშეკრულების მოშლის თაობაზე. თუმცა, სამინისტრო ირწმუნება, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა 1 თვეში იგეგმება და ამ დროის განმავლობაში, მთავრობა ინვესტორთან კომუნიკაციას გააგრძელებს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ