LIVE
ვიდეო
08 სექ, 2021 18:00
დეპუტატები საპენსიო სესხების გასაიაფებლად სუბსიდიას ემხრობიან
1137

მთავრობა პენსიებთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ახალი პირობების დადგენაზე მუშაობს და როგორც ირკვევა, შესაბამისმა უწყებათაშორისმა კომისიამ უკვე შეიმუშავა პირველადი დოკუმენტი. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ე.წ. საპენსიო სესხების პროცენტია.

კომისიაში ჩართული მხარეები პირველადი სამუშაო დოკუმენტის კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ საუბრობენ. თუმცა „ბიზნეს ფორმულასთან“ პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ალექსანდრე ელისაშვილი განმარტავს, რომ ახალი ტენდერის პირობებმა საპენსიო სესხებზე პროცენტის შემცირებაც უნდა უზრუნველყოს.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე არაერთი მოსაზრება გაისმა. მათ შორის ის, რომ პენსიების გაცემა ლოტებად დაიყოს და პროცესში რამდენიმე კომერციული ბანკი ჩაერთოს, რასაც სესხის პროცენტის შემცირებაც უნდა მოჰყვეს. თუმცა უწყებათაშორისი კომისიის წევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამისთვის აუცილებელი იქნება მთავრობის მხრიდან გარკვეული სუბსიდიის გაწევა.

„მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია პენსიონერებს კარგი სერვისი მიეწოდებოდეთ, სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ასეთი მაღალი არ იყოს და მეორე მხრივ, ბანკის ინტერესებიც დაცული იყოს. სხდომაზე საუბარი შეეხო პენსიების გაცემის პროცესში ერთდროულად რამდენიმე ბანკიც ჩართვის შესაძლებლობასაც. ამ საკითხის გადაჭრისთვის სხვადასხვა გზები განიხილება, მათ შორის ისიც, რომ სახელმწიფომ გარკვეული სუბსიდირებაც მოახდინოს“,- განაცხადა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა.

ცნობისთვის, საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხზე დისკუსია პარლამენტში რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი სესხები კვლავ ძვირია და აუცილებელია, მათზე განაკვეთები შემცირდეს.

საკითხზე შესაბამისმა უწყებათაშორისმა კომისიამ აგვისტოში პირველი სხდომაც გამართა, სადაც ითქვა, რომ პენსიების დარიგებისთვის ახალ საბანკო პირობები განისაზღვრება და მნიშვნელოვანია, მსგავსი გასაცემლები მაქსიმალურად კარგი პირობებით გაიცეს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ