LIVE
ვიდეო
09 აპრ, 2021 14:35
როგორია 330 მლნ. ლარიანი საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის შედეგები?
1034

ამ დროისთვის, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის 330 მილიონ ლარიანი ბიუჯეტიდან, 31 მილიონ ლარამდე თანხაა ათვისებული.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ პროექტის განმახორციელებელ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განუცხადეს, პროგრამით 143-მა ბენეფიციარმა ისარგებლა და 85 მილიონი ლარის სესხის უზრუნველყოფა მოხდა. ეს მაშინ, როდესაც გასულ წელს მთავრობა სულ მცირე, 2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფას აანონსებდა. სქემა ახალ სესხებთან ერთად უკვე არსებულის რესტრუქტურიზებასაც გულისხმობდა, თუმცა ირკვევა, რომ ამ ნაწილში ბიზნესის აქტიურობა საკმაოდ დაბალი იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამაში ჩართული 13 ბანკიდან სესხი მხოლოდ 9 ბანკმა გასცა. 6 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას კი ბენეფიციარები საერთოდ არ ჰყოლია.

„საბანკო ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ პროგრამამ თავისი მისია შეასრულა, დაბალ აქტიურობას კი პროგრამის სპეციფიკას, ასევე გარკვეულ ტექნიკურ ფაქტორებს უკავშირებენ, მათ შორის იმას, რომ თუ ბიზნესი საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით ისარგებლებს, მას სხვა სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობა ეზღუდება.

თავის მხრივ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბანკებთან არათანაბარ პირობებში არიან, რადგან პროგრამის ფარგლებში ბანკებისგან განსხვავებით, არ აქვთ პირდაპირი წვდომა ფინანსურ რესურსზე, რაც კიდევ უფრო აძვირებს მათ მომსახურებას და შესაბამისად, ბანკებს მომხმარებლების მოზიდვის კუთხით კონკურენციას ვეღარ უწევენ.

ამასთან, როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „საბანკო ასოციაციაში“ განუცხადეს, წინა წელთან შედარებით პროგრამის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად მცირდება და სავარაუდოდ წელს 50 მილიონი ლარი იქნება.

რაც შეეხება კიდევ ერთ სახელმწიფო პროგრამას, FDI გრანტს, რომელიც გასულ წელს უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა, „აწარმოე საქართველოში“ აცხადებენ, რომ ამ დრომდე, საქართველოს მთავრობის მილიონ ლარიანი გრანტით არც ერთი უცხოელი ინვესტორი არ დაინტერესებულა.

შეგახსენებთ, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მთავრობამ ჯერ კიდევ 2019 წელს წარადგინა, თუმცა პროგრამა გასულ წელს, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ამოქმედდა. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ