LIVE
ვიდეო
07 დეკ, 2023 13:40
შესაძლოა ბევრი სამშობიარო დაიხუროს - ასოციაცია DRG მოდელზე
744

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, პერსონალური ექიმის აყვანის შესაძლებლობა გაუქმდა და ყველა ორსული ვალდებულია იმშობიაროს, ან საკეისრო კვეთა გაიკეთოს მორიგე ბრიგადაში. კანონდარღვევის შემთხვევაში კი, პაციენტი DRG სისტემიდან ჩაიხსნება და სრული ხარჯის დაფარვა თავად მოუწევს. ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციაში აცხადებენ, რომ ეს რეფორმის ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია.

ასოციაცია სამშობიარო სახლების DRG დაფინანსების სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ კლინიკებში შიდა სტანდარტით გადახდის შემთხვევაში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა გაცილებით უფრო მეტი ღირს, ვიდრე სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული 1222 ლარია. ამასთან, გართულების შემთხვევაში სახელმწიფო უარს ამბობს ყველანაირ ფინანსურ პასუხისმგებლობაზე.

ასოციაციის განცხადებით, გარკვეული პერიოდის შემდეგ, შესაძლოა ბევრი სამშობიარო კლინიკა დაიხუროს.

„მშობიარობა და საკეისრო კვეთა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ 1221.92 ლარით. დაფინანსების თანხა გაიზარდა, რადგან აქამდე 500 ლარით ფინანსდებოდა ფიზიოლოგიური მშობიარობა და 800 ლარით საკეისრო კვეთა. ეს დადებითი და პოზიტიური საკითხია სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა ამას თან მოჰყვა გარკვეული საკითხები, რაც იპყრობს ჩვენს ყურადღებას. მაგალითად, გაუქმდა პერსონალური ექიმის აყვანის საშუალება, ყველა ორსული ვალდებულია იმშობიაროს ან გაიკეთოს საკეისრო კვეთა მორიგე ბრიგადაში. პერსონალური ექიმის აყვანის შემთხვევაში კი, მშობიარე იხსნება DRG სისტემიდან, რაც ავტომატურად ნიშნავს მშობიარობის სრული საფასურის თავად გადახდას (კლინიკაში შიდა სტანდარტით გადახდის შემთხვევაში, ფიზიოლოგიური მშობიარობა და საკეირო კვეთა გაცილებით უფრო მეტი ღირს, ვიდრე 1221 ლარია) + ექიმის აყვანის თანხა+ თუ მოხდა და გართულდა შემთხვევა, სახელმწიფო უარს ამბობს ყველანაირი ფინანსურ პასუხისმგებლობაზე (ამ თანხის გადახდაც მოუწევს პაციენტს). თუ მოხდა და კლინიკაში ამ ყველაფრის გვერდის ავლით ექიმმა გაბედა და აიღო ანაზღაურება ( ჰონორარი, რაც ადრე იბეგრებოდა სახელმწიფოს მიერ 20%-ით), დგება ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი.

ამას გარდა, ექიმი ვალდებულია, ყოველწლიურად ფინანსურად უზრუნველყოს და მიიღოს უწყვეტი სამედიცინო განათლება, დააგროვოს ე.წ. კრედიტ ქულები. მრავალი სამშობიარო სახლი 1221.92 ლარიდან თეთრს არ უხდის ექიმს, მხოლოდ მორიგეობის თანხას (და მრავალი ხელმძღვანელი პირი უკვე მოუწოდებს სამედიცინო პერსონალს, ხელზე თანხის აღებისკებ). აქ დასკვნები თქვენ გააკეთეთ.

ამ ყველაფერს, სრულიად მალე მოჰყვება მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა და ეგრეთ წოდებული „დიდი ჯიბეების” დაკერება თეთრ ხალათებზე!

როგორ გგონიათ, ექიმი რომელიც მრავალი წელი სწავლობდა, შრომობდა, მორიგეობდა, გადიოდა სხვადასხვა სასწავლო კურსს, ვალდებულია არასამუშაო საათებში, უხელფასოდ მივიდეს სამშობიარო სახლში და ამშობიაროს პაციენტი ან გაუკეთოს საკეისრო კვეთა?“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად დაფინანსდება. მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში 1 222 ლარით განსაზღვრა. თანხა რომ საკმარისი არაა, ამაზე ჯანდაცვის ექსპერტებიც მიუთითებენ.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ