LIVE
ვიდეო
29 დეკ, 2023 12:35
კონკურენციის სააგენტომ ავერსი, გეფა, პსპ, მერმისი ჯამში 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმა
735

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ავერსი, გეფა, პსპ და მერმისი, შეთანხმებული ქმედების გამო, ჯამში 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმა. 

სააგენტოს განცხადებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი დაარღვიეს, რაც შეთანხმებულ ქმედებას გულისხმობს. 

ამავე განცხადებით, მოკვლევამ დაადგინა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), ავერსის, გეფას, პსპ-ს და მერმისის მხრიდან ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, კერძოდ, ფასების ფიქსაციას.

სააგენტოს თანახმად, ავერსი 14 402 425 ლარით, გეფა 20 349 336 ლარით, პსპ 17 094 872 ლარით, ხოლო მერმისი 951 301 ლარით დაჯარიმდა. 

მასალებიდან ირკვევა, რომ 42 მედიკამენტის შემთხვევაში, კომპანიების მიერ სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები 1 თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს.

განცხადების მიხედვით, "სააგენტომ გამოავლინა იდენტური ფასის 88 შემთხვევა, რაც მოიცავს:

• 23 შემთხვევას 2 კომპანიის მონაწილეობით;

• 47 შემთხვევას 3 კომპანიის მონაწილეობით;

• 18 შემთხვევას 4 კომპანიის მონაწილეობით;

ავერსის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იდენტური ფასის 74 ფაქტს, გეფას (ჯი პი სი, ფარმადეპო) შემთხვევაში ასევე 74 ფაქტს, პსპ-ს შემთხვევაში 81 ფაქტს და მერმისის შემთხვევაში 29 ფაქტს.

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე შეთანხმებულ ქმედებას და კვალიფიცირდება, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევა. 

ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, კონკურენციის სააგენტომ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გასცა - საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის და ზოგადად პორტალის ფუნქციონირება ნორმატიულ დონეზე დარეგულირდეს.

სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყების საფუძველს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, 2023 წლის 23 მარტს ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების ზრდის და ამავე მედიკამენტებზე იდენტური ფასწარმოქმნის შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენდა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევას 5 კომპანიის - ავერსი, გეფა, პსპ, მერმისი და ეს კა იმპექსის მიმართ აწარმოებდა. საკითხის შესწავლის პროცესში, ეს კა იმპექსის მიმართ დარღვევის ფაქტი არ დადგინდა.

2023 წელს, სააგენტომ დაასრულა 7 მოკვლევა დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედების და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის მიმართულებით.

აქედან, 1 შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, 1 შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, 5 შემთხვევაში დარღვევა დადგინდა. მოკვლევები ეხებოდა საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, ფარმაციის, საზღვაო გადაზიდვების, ავტოტექნიკური ინსპექტირების, სწრაფი კვების მომსახურების და სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მომსახურების ბაზრებს.

ამ დროსთვის, სააგენტო 3 საკითხთან მიმართებით მოკვლევის პროცესს აწარმოებს კინოთეატრების ელექტრონული რეალიზაციის, ავტოსადგომების და საკვები პროდუქტების ბაზრების მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ