LIVE
ვიდეო
22 იან, 2024 12:20
2023 წელს საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო/საიმპორტო საქონელი ავტომობილები იყო
845

2023 წელს საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო და საიმპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილები იყო. ამასთან, ავტომობილებით ვაჭრობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში ავტომობილების იმპორტი 84.5%-ით, 3.2 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და მთლიანი იმპორტის მეხუთედზე მეტი სწორედ ავტომობილებზე მოდიოდა. რეექსპორტის მაჩვენებელი კი 134.8%-ით გაიზარდა და 2.1 მილიარდი აშშ დოლარი იყო - მთელი ექსპორტის 34.9%. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მსუბუქი ავტომობილები იმპორტში ლიდერობდა, თუმცა ექსპორტში სასაქონლო ჯგუფებიდან პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა და მსუბუქი ავტომობილები მეორე ადგილზე იყო.

დასავლეთის სანქციების გავლენით, მკვეთრად შემცირდა საქართველოდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტი. კერძოდ, 3 აგვისტოს აშშ-დან, 26 სექტემბერს კი ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ექსპორტი/რეექსპორტი აიკრძალა. შედეგად, აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით,  რუსეთში მხოლოდ 126 ავტომობილი გავიდა, მაშინ როდესაც, მხოლოდ ივლისში 1 054 ერთეული იყო გაყიდული. საპირისპიროდ, ავტომობილების რეექსპორტი მზარდი ტენდენციით ხასიათდება ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

გასული წლის მონაცემებით, საქართველოდან ავტომობილების უმსხვილესი საექსპორტო ბაზრებია:

  • ყირგიზეთი -$618 მლნ
  • ყაზახეთი - $592 მლნ
  • აზერბაიჯანი -$437.2 მლნ
  • სომხეთი - $299 მლნ
  • რუსეთი - $67.1 მლნ

ძირითადი საიმპორტო ბაზრები, საიდანაც ავტომობილები შემოდის, ასე გამოიყურება:

  • აშშ - $1.8 მლრდ
  • იაპონია - $567 მლნ
  • გერმანია - $320.4 მლნ
  • თურქეთი - $81.3 მლნ
  • კორეა - $52 მლნ
მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ