ჯანდაცვის ექსპერტის შეფასებით, ახალი რეფორმით, მშობიარობის დაფინანსებაში მეან-გინეკოლოგისთვის კუთვნილი თანხა იმდენად მიზერულია, რომ მათ შესაძლოა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მოტივაცია დაეკარგოთ.
როგორც ვატო სურგულაძემ "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნა, ხშირ შემთხვევაში, 1 222 ლარი მშობიარობის ხარჯებსაც კი ვერ ფარავს. შესაბამისად, მასში არ უნდა შედიოდეს მეან-გინეკოლოგისა თუ სხვა დამატებითი ხარჯების საფასური.
"არც ხარისხის გაუმჯობესდება და არც საკეისრო კვეთების რაოდენობა დაიკლებს. მეტიც, ქვეყანაში დამატებით გაჩნდება ე.წ. ნაცრისფერი ფული, რომელიც იქნება ჯიბიდან ჯიბეზე გადაცემული ან კონვერტით მირთმეული. ეს თანხა არც დაიბეგრება და საერთოდ არსად არ გამოჩნდება. რას ნიშნავდა აყვანილი ექიმი? ის უნდა მოსულიყო დღის ნებისმიერ მონაკვეთში, იქნებოდა ეს ღამე თუ რაიმე სახის დღესასწაული. ხოლო ახლა, მას უკვე არავითარი მოტივაცია არ ექნება იმისთვის, რომ მშობიარის ნებისმიერ ზარზე მივიდეს. გამომდინარე იქიდან, რომ მისთვის განკუთვნილი 1 222 ლარში შემავალი თანხა ძალიან მიზერულია. მეტიც, ეს თანხა რიგ შემთხვევაში მშობიარობასაც კი არ ყოფნის. შესაბამისად, მეან-გინეკოლოგი არ მოვა და ზედმეტად არ შეწუხდება. იტყვის, რომ სამშობიაროს ჰყავს მორიგე ბრიგადა",- განაცხადა ვატო სურგულაძემ
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად დაფინანსდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს. ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, 1 222 ლარით განსაზღვრა.