საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან მაღალი მოთხოვნები საბანკო სისტემას მძიმე ტვირთად აწვება.
მისივე თქმით, მკაცრი რეგულირების მიუხედავად, სექტორის მდგრადობა პოზიტიურად ფასდება, რაც ხაზს უსვამს, რომ გარკვეული მიმართულებებით მეტი რისკების აღებაა შესაძლებელი.
ძნელაძემ, „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში, 1%-იანი კონტრციკლური ბუფერების დაგროვების ვალდებულებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ბანკებს კაპიტალის დარეზერვების პრობლემა არ ექნებათ, თუმცა საუბარია დიდ თანხაზე, ამიტომ სექტორისთვის მარტივი არ იქნება.
„S&P-ის უახლესი შეფასება საკმაოდ პოზიტიურია. რეგიონში მიმდინარე პროცესების მიუხედავად, ამ შეფასებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სექტორის მდგრადობა. ამასთან, მნიშვნელოვანია ის მითითებები, რომ საქართველოში საკმაოდ მაღალია მოთხოვნები, როგორც კაპიტალთან მიმართებაში, ასევე სხვა ნორმატივები.
კონტრციკლური ბუფერის ნომინალური მაჩვენებელი უახლოეს წარსულში გაიზარდა. შემიძლია ვთქვა, რომ ამის შევსების პრობლემა საბანკო სისტემას არ ექნება, მაგრამ ვინაიდან ნომინალური დონე 0-დან 1%-მდე გაიზარდა, რაც საკმაოდ დიდი მოცულობის თანხაა, ვერ ვიტყვი რომ აღნიშნული ხარჯის ტარება საბანკო სისტემისთვის ძალიან მარტივი იქნება. უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირება პირდაპირპროპორციულად ვერ დააბალანსებს კონტრციკლური ბუფერის შევსებას“,- განაცხადა ძნელაძემ.
ცნობისთვის, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბანკებს ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად, შემდეგი განრიგით მოეთხოვებათ: 2024 წლის 15 მარტისთვის - 0.25%, 2025 წლის 15 მარტისთვის - 0.5%, 2026 წლის 15 მარტისთვის - 0.75%, 2027 წლის 15 მარტისთვის - 1%. აღსანიშნავია, რომ კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური (საბაზისო) განაკვეთის 1%-ზე დაწესების გადაწყვეტილება 15 მარტს მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რითაც ბანკებს მეტი კაპიტალის დარეზერვების ვალდებულება გაუჩნდათ. იქამდე ბუფერი ნული იყო. კონტრციკლური ბუფერი პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომლითაც ცენტრალური ბანკი, საჭიროების შემთხვევაში, ეკონომიკის ისეთ ჭარბ დაკრედიტებას ზღუდავს, რომელიც სისტემურ რისკებს ზრდის.
ამასთან, დღევანდელ სხდომაზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 25%-დან 20%-მდე შეამცირა, რაც ბანკებს უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზრდის შესაძლებლობას მისცემს.