LIVE

ბანკებს უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა უმცირდებათ - სებ

29 ნოე 202313:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 469
ბანკებს უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა უმცირდებათ - სებ

კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი მცირდება,- ასეთია ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილება. 

როგორც სებ-ში განმარტავენ, მიზანი გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ადგილობრივ ეკონომიკაზე გავლენის შემსუბუქებაა.

უფრო დეტალურად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 25%-დან 20%-მდე შეამცირა, რაც ბანკებს უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზრდის შესაძლებლობას მისცემს.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით კი, ბანკებს ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად, შემდეგი განრიგით მოეთხოვებათ: 2024 წლის 15 მარტისთვის - 0.25%, 2025 წლის 15 მარტისთვის - 0.5%, 2026 წლის 15 მარტისთვის - 0.75%, 2027 წლის 15 მარტისთვის - 1%. აღსანიშნავია, რომ კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური (საბაზისო) განაკვეთის 1%-ზე დაწესების გადაწყვეტილება 15 მარტს მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რითაც ბანკებს მეტი კაპიტალის დარეზერვების ვალდებულება გაუჩნდათ. იქამდე ბუფერი ნული იყო. კონტრციკლური ბუფერი პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომლითაც ცენტრალური ბანკი, საჭიროების შემთხვევაში, ეკონომიკის ისეთ ჭარბ დაკრედიტებას ზღუდავს, რომელიც სისტემურ რისკებს ზრდის.

როგორც სებ-ში აცხადებენ, საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას კვლავაც შეუფერხებლად განაგრძობს. 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით კი, ბანკებს კაპიტალის და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ.

"გასულ წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია აქტივების ხარისხიც.  2023 წლის ოქტომბერში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით, 16.2% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული.  2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიან ტრენდს კვლავაც ჩამორჩება, თუმცა წლის დასაწყისთან შედარებით, სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპი შედარებით შემცირებულია, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ნორმალიზებისა და მდგრადი საკრედიტო აქტივობის ასახვაა. კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობისა და ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ სესხების მშპ-სთან ფარდობა მის გრძელვადიან ტრენდს 2024 წელს დაუახლოვდება. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება",- აცხადებენ სებ-ში.