მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის განცხადებით, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტით საქართველოს ახალი საექსპორტო ბაზრები გაუჩნდება.
როგორც ჩარლზ ჯეი კორმიერმა „ბიზნეს ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა, აღნიშნული ენერგოპროექტის განხორციელებით ერთი მხრივ, ევროპას ენერგორესურსების ახალი წყარო ექნება, ხოლო მეორე მხრივ, სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ელექტროენერგიის დამატებითი საექსპორტო ბაზარი გაჩნდება.
მისი თქმით, პროექტის ეკონომიკური პოტენციალიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ დაინტერესებული ქვეყნების წრე გაფართოვდება.
„ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ჩავატარეთ მიზანშეწონილობის კვლევა, რათა გვეჩვენებინა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი ეკონომიკურად სიცოცხლიუნარიანია და სარგებლის მოტანა შეუძლია მასში ჩართული ქვეყნებისთვის. ეს პროექტი მოიცავს როგორც ელექტრო, ასევე ინტერნეტკაბელს. ევროპას დიდი მოცულობით ელექტროენერგია სჭირდება, აქამდე ევროპის ქვეყნები რუსულ გაზზე და ენერგორესურსებზე მნიშვნელოვნად იყვნენ დამოკიდებული. თუმცა ახლა ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად შეამციროს რუსული ენერგორესურსების იმპორტი. სამხრეთ კავკასიის რეგიონს, მათ შორის საქართველოს ენერგო და ჰიდრო რესურსების დიდი პოტენციალი აქვს. აზერბაიჯანს კი ქარის ენერგიის მიმართულებით აქვს პოტენციალი. ამ პროექტის იდეა შემდეგშია - ევროპას ენერგორესურსების ახალი წყარო ექნება, ხოლო სამხრეთ კავკასიას მეტი შესაძლებლობა, ევროპაში ელექტროენერგია ექსპორტზე გაიტანოს. გარდა იმისა, რომ ამ პროექტით საქართველოსთვის ექსპორტის მიმართულებით ახალი ბაზრები გაჩნდება, ის მისცემს ქვეყანას შესაძლებლობას, რომ მაგალითად, ზამთრის პერიოდში რუმინეთიდან შემოიტანოს ელექტროენერგია. წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტთან დაკავშირებით საქართველომ, რუმინეთმა, აზერბაიჯანმა და უნგრეთმა საერთო ხედვას უკვე მოაწერეს ხელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლოა სხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ ამ პროექტით, რადგან ის მდგრადობას უკავშირდება. ვფიქრობთ, საკმაოდ საინტერესო და ინოვაციური ინფრასტრუქტურული პროექტია“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
ცნობისთვის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტში აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი არიან ჩართული. მხარეებმა ამ მიმართულებით ერთობლივი შვილობილი საწარმოს დაფუძნების გადაწყვეტილებაც მიიღეს. პროექტი 1,195 კმ სიგრძის კაბელის საშუალებით სამხრეთ კავკასიის ენერგოსისტემის პირდაპირ ევროპის ენერგოსისტემასთან დაკავშირებას გულისხმობს.