LIVE
ვიდეო
16 მაი, 2023 16:00
კოდუა არ გამორიცხავს, მოსკოვმა დივერსიას მიმართოს - რა რისკებია ფრენების აღდგენაში?
495

გამორიცხული არ არის, რომ ფრენების აღდგენის შემდეგ, მოსკოვმა დივერსიას მიმართოს და თბილისში გამოაგზავნოს უცხოური სალიზინგო კომპანიის თვითმფრინავი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ მიისაკუთრა. ამის შესახებ AIR Georgia-ს დამფუძნებელმა, გიორგი კოდუამ "ბიზნეს ფორმულას" ეთერში განაცხადა.  

კოდუას თქმით, თუ საქართველოში ასეთი თვითმფრინავი დაჯდება, ქართული მხარე იძულებულია დააყადაღოს, ჩამოართვას ავიაკომპანიას და კანონიერ მფლობელს გადასცეს. 

"ვალდებული ვართ, ეს თვითმფრინავი "დავაპატიმროთ". აქვს ჩვენს მთავრობას და აეროპორტს იმის ძალები, რომ "უკვე რუსული" კონფისკებული თვითმფრინავი დავაყადაღოთ, ჩამოვართვათ და გადავცეთ კანონიერ მფლობელს? თუ ასე არ მოხდა, მაშინ, ძალიან სერიოზული პრობლემები შეგვექმნება ევროპასთან და ცივილურ სამყაროსთან, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ", - თქვა კოდუამ. 

კოდუა განმარტავს, რომ ამის თავიდან არიდება ინფორმაციის წინასწარი მიღებით შეიძლება. 

"მივმართავ საქაერონავიგაციას და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, იყვნენ ყურადღებით. ავიაციის სააგენტოს და საქაერონავიგაციას წინასწარ უნდა გადმოეცეს მთელი მონაცემები იმ ბორტების, რომლებიც აპირებენ ფრენებს... თუ ეს ბორტები არის იმ სიაში, არ უნდა მისცეს ნებართვა, თუ არ უნდათ, რომ შარში მოჰყვეს საქართველოს მხარე", - განმარტავს კოდუა. 

რუსეთის პრეზიდენტმა გასული წლის მარტში ხელი მოაწერა კანონს, რომელმაც ადგილობრივ ავიაკომპანიებს ლიზინგით აღებული უცხოური თვითმფრინავების რეგისტრაციის უფლება მისცა. 

შესაბამისად, რუსული ავიაკომპანიები ლიზინგით აღებულ უცხოურ საჰაერო ხომალდებს მფლობელებს (მეიჯარეებს) აღარ უბრუნებენ. 

როგორც აღნიშნული კანონის განმარტებით ბარათშია მითითებული, კანონი მიზნად ისახავს უცხოური ავიაპარკის შენარჩუნებას, რათა სანქციების პირობებში გაგრძელდეს სამოქალაქო ავიაციის შეუფერხებელი ფუნქციონირება. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა გააუქმა. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენის ნებართვა 15 მაისს უკვე გასცა რუსულ ავიაკომპანიაზე. სააგენტოს განცხადებით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის მიერ ფრენები მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის ხაზზე, 17 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით შესრულდება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ