LIVE
ვიდეო
20 თებ, 2023 13:53
პირველადი მოხმარების პროდუქტები გაიაფდება - სექტორის მოლოდინი
241

მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დისტრიბუტორები და რითეილერები პროდუქტებზე მაღალ ფასნამატებს კვლავ ერთმანეთს აბრალებენ. თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ძალიან მალე 12 პროდუქტის ჩამონათვალი გაკეთდება, რომელთა გაიაფება ეტაპობრივად დაიწყება, ასეთ პროდუქტების ჩამონათვალშია ბრინჯი, წიწიბურა, ზეთი, კვერცხი და სხვ.

დისტრიბუციის ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ბაზარზე არაჯანსაღ კონკურენციას რითეილერები იწვევენ, რადგან მათ მიერ დაწესებული საფასო პოლიტიკა, ქეშბექები თუ სუპერმარკეტებში განთავსების ხარჯი, მათ სხვა გზას არ უტოვებს და პროდუქცია ძვირდება.

იმპორტიორები ფიქრობენ, რომ თუ კი რითეილერები დისტრიბუტორებისთვის დაწესებულ მაღალ გადასახადებს შეამცირებენ, ბრენდირებული პროდუქტები თავისთავად გაიაფდება. (საუბარია ამა თუ იმ ქსელურ სუპერმარკეტში პროდუქტის შეტანის, მარკეტინგის თუ სხვა თანმდევ ხარჯზე.) 

"ქსელური მარკეტები ცდილობენ, რომ შეთანხმებულად იმუშაონ და ძირითადად ორიენტირებულები არიან მაქსიმალური მოგების მიღებაზე, თითქოს ერთმანეთში კარტელური გარიგება აქვთ და ნებისმიერ პროდუქციაზე ზრდიან ფასებს და ერთმანეთში კონკურენციაში არც კი შედიან",- აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას "ქართულ მაღაზიათა ასოციაციის" ხელმძღვანელი სანდრო სუბელიანი.

6 თებერვლის მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სურსათის იმპორტიორები მაღალი ფასნამატების გამო გააკრიტიკა. მან კონკურენციის სააგენტოს სურსათის ფასების შესწავლა დაავალა და შედეგმა აჩვენა, რომ მოსახლეობას უწევს პროდუქციის თითქმის 100%-იანი ფასნამატით შეძენა. უფრო კონკრეტულად, კონკურენციის სააგენტოს მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2022 წელს საშუალოწლიური საბითუმო ფასნამატი ზეთზე 60-70% იყო, ბრინჯზე 53-70%, შაქარზე კი 40-64%.

დღეს კი ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტს მოამზადებს, რომელიც ევროდირექტივაზე იქნება დაფუძნებული. პრემიერის თქმით, შედეგად, ქვეყანაში ძირითადი პროდუქტების ფასები დარეგულირდება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ