პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტს მოამზადებს, რომელიც ევროდირექტივაზე იქნება დაფუძნებული. პრემიერის თქმით, შედეგად, ქვეყანაში ძირითადი პროდუქტების ფასები დარეგულირდება.
„გამოიკვეთა, რომ ჯამში ფასნამატი არის 70%-80%, ზოგ შემთხვევაში კი 100%. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია. აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს საკითხი. მოვისმინეთ იმპორტიორების განმარტებები, რომ 70%-80% მთლიანად მათი მოგება არ არის, არამედ ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია რითეილის, დიდი ქსელების მიერ განსაზღვრულ ერთგვარ წესებზე. სწორედ ამ წესებთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები გვაქვს. ეს წესები აპრობირებული არ არის, ევროპაში არ მოქმედებს. ევროპის ქვეყნებში და ზოგადად მთელ დასავლურ სამყაროში საკითხი დარეგულირებულია.
ჩემი დავალებით, ახლა ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის კანონპროექტს მოამზადებს, რომელიც შეეხება ევროდირექტივას სამართლიანი ვაჭრობის შესახებ. ამასთან, რა თქმა უნდა, იმპორტიორებთან და დიდი ქსელების წარმომადგენლებთან გავაგრძელებთ მუშაობას. პარალელურად, კანონპროექტს პარლამენტს წარვუდგენთ. მათ უკვე დაადასტურეს, რომ მხარს დაგვიჭერენ, რათა ეს ევროდირექტივა, რეგულაციები ჩვენც შემოვიღოთ. სხვაგვარად ჩვენი მხრიდან ხელოვნური ჩარევები უხეში იქნება. ამიტომ, გამოვნახეთ გზა, რომ ის პრაქტიკა, რომელიც ევროპამ უკვე გაიარა, ჩვენთან გადმოვიტანოთ. ამით სამართლიანი წესები ამოქმედდება. რა თქმა უნდა, იმპორტიორებს განსაზღვრული ექნებათ მარჟები, ფასნამატები, ასევე ექნება მისი წესები რითეილ სექტორს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასები შემცირდეს და არაგონივრულად მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს ძირითადი პროდუქტები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად პრემიერმინისტრმა სასურსათო პროდუქტების მაღალ ფასნამატებზე 6 თებერვლის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, კონკურენციის სააგენტოს სურსათის ფასების შესწავლა დაავალა და შედეგმა აჩვენა, რომ ხალხს სურსათის თითქმის 100%-იანი ფასნამატით შეძენა უწევს.