LIVE
ვიდეო
17 დეკ, 2022 14:00
ენერგეტიკაში CFD მექანიზმი ამოქმედდა - რა შენიშვნები აქვს სექტორს?
1196

განახლებადი ენერგიების მხარდამჭერი ახალი მექანიზმი, ე.წ CFD სქემა ამოქმედდა და მის ფარგლებში პირველი აუქციონი სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გამოცხადდება.

მთავრობის მიერ შემუშავებული დადგენილების მიხედვით, აუქციონში გამარჯვებული კომპანია ამ სქემით ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან 15 წლის განმავლობაში ისარგებლებს. ჰესებისთვის აღნიშნული სქემა წლის განმავლობაში 8 თვე იქნება ხელმისაწვდომი, ქარის ელექტროსადგურისთვის 9 თვე, ხოლო მზის ელექტროსადგურისთვის 12 თვე.

ეს მექანიზმი იმას ნიშნავს, რომ მთავრობა ინვესტორ კომპანიას იმ ფასთაშორის სხვაობას ანაზღაურებს, რაც ელექტროენერგიის საბითუმო ფასსა და CFD ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტარიფს შორის იქნება.

ამასთან, დადგენილებაში მითითებულია, რომ ერთსა და იმავე საპროექტო არეალში ორი ან მეტი ალტერნატიული განაცხადის არსებობისას, უპირატესობა მიენიჭება იმ განაცხადს, რომლით შემოთავაზებული ტარიფიც ყველაზე დაბალი იქნება.

ენერგეტიკის დარგის ინვესტორებისთვის ე.წ CFD სქემის ძირითადი პრინციპები მისაღებია. თუმცა მათი ნაწილი მთავრობის მიერ შემუშავებულ პირობებში გარკვეულ რისკებსაც ხედავს. როგორც განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, შესაბამის დადგენილებაში ნათლად არაა გაწერილი თუ რა კრიტერიუმებით შეირჩევა კომპანია და მთავარი აქცენტი მხოლოდ დაბალ ფასზე კეთდება.

„ძალიან კარგია, რომ ენერგეტიკის დარგში ახალი მხარდამჭერი მექანიზმი გაჩნდა და ეს სქემა უზრუნველყოფს, რომ ინვესტორების მხრიდან მეტი გენერაციის ობიექტის მშენებლობის ინტერესი გაჩნდეს. თუმცა მიგვაჩნია, რომ რამდენიმე საკითხი დახვეწას და დაზუსტებას საჭიროებს. კერძოდ, რაიმე კონკრეტული კრიტერიუმები, თუ ვის შეუძლია აუქციონში მონაწილეობის მიღება და რისი მიხედვით შეირჩევა კომპანიები, გაწერილი არაა. მთავარი განმსაზღვრელი ფასია და ჩვენ ვხედავთ რისკს, რომ აუქციონში გამოუცდელი კომპანიები შემოვიდნენ, არაადეკვატური ფასით გაიმარჯვონ და შემდეგ ვალდებულებები ვერ შეასრულონ. ასევე პრობლემურია ის ნაწილიც, სადაც მითითებულია, რომ ერთსა და იმავე არეალში ერთზე მეტი კომპანიის ინტერესის შემთხვევაში, მთავარი მდგენელი დაბალი ფასი იქნება. მაგალითად, არის კომპანია, რომელიც მდინარის მთელი რესურსის გამოყენებას აპირებს და 10 მეგავატი სიმძლავრის სადგურის აშენება სურს, თუმცა შედარებით მაღალ ფასს სთავაზობს მთავრობას. მეორე მხრივ არსებობს კომპანია, რომელიც პირობითად, ორი მეგავატის სიმძლავრის სადგურს აშენებს და დაბალ ფასს დადებს. ამ მუხლის მიხედვით, გამოდის, რომ უპირატესობა დაბალ ტარიფს და შესაბამისად, დაბალ სიმძლავრეს მიენიჭება, რაც ჰიდრორესურსების არასათანადო ათვისება იქნება. მსგავსი რისკები არსებობს და გვინდა, რომ ეს ყველაფერი დაიხვეწოს“, - განაცხადა GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკაში ინვესტიციები ახალი სქემით წახალისდება. საუბარია ფასთაშორის სხვაობის დაბრუნების მოდელზე ე.წ CFD-ზე. აღნიშნული სქემით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1 500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობა იგეგმება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ