LIVE
ვიდეო
05 ნოე, 2022 11:00
TBC Capital: 2023 წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე შემცირდება
1004

„თიბისი კაპიტალი“ ელის, რომ 2023 წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე შემცირდება.

როგორც ანალიტიკური ორგანიზაციის მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა, მოსალოდნელია, რომ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას მომავალი წლის მარტიდან დაიწყებს.

მისი თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, მომავალ წელს კი სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდება.

„გასულ თვეებში კეთდებოდა პროგნოზები, რომ ინფლაცია უფრო სწრაფად შემცირდებოდა. თუმცა ვნახეთ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ფასები კვლავაც მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რამაც საქართველოშიც მოსალოდნელზე დიდხანს განაპირობა მაღალი ინფლაცია. ჩვენი წინა პროგნოზი იყო, რომ ეროვნული ბანკი წელსვე დაიწყებდა რეფინანსირების განაკვეთის დაწევას, თუმცა ამ მოლოდინებმა უკვე მომავალ წელს გადაიწია და ველით, რომ 2023 წელს მთლიანობაში 9%-მდე შემცირდება განაკვეთი. რაც შეეხება ინფლაციას, წლის ბოლომდე კვლავაც მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში 10%-ს ჩამოსცდება და უკვე მომავალი წლის განმავლობაში უნდა დაუახლოვდეს სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს“, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

26 ოქტომბრის სხდომაზე ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი კვლავ უცვლელად, 11%-ზე დატოვა.

ერთ წელზე მეტია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს. საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში წლიური ინფლაცია 10.6%-მდე გაიზარდა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ