LIVE
ვიდეო
15 სექ, 2022 11:25
საშუალო ხელფასი 1 541 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი
280

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1%-ით (213.3 ლარით) 1 541.3 ლარამდე გაიზარდა. 

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 108.8 (წლიური ზრდა 43.1%);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 2 671.0 ლარი (ზრდა 13.4%);
  • მშენებლობა - 2 177.6 ლარი (ზრდა 8.5%);
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 2 026.4 ლარი (ზრდა 16.6%).

II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 240.6 ლარი, ხოლო კაცების - 1 828.4 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 162.8 ლარი (15.1%) შეადგინა, კაცებში კი - 268.5 ლარი (17.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

აპრილი-ივნისის პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 236.2 ლარით (17%) გაიზარდა და 1 625.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი, ხელოვნება, ინფორმაცია და კომუნიკაციის დარგში დაფიქსირდა, რომლის მაჩვენებელმაც 3 209.9 ლარი შეადგინა. წლიური ზრდა 45.3%-ია. ასევე მაღალი შემოსავალი ჰქონდათ ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგში, სადაც ხელფასი 2 631.0 ლარი იყო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 38.6%-ითაა გაზრდილი. 

საქსტატის ინფორმაციით, II კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 170.2 ლარით (13.9%) გაიზარდა და 1 396.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო სექტორებში დასაქმებულებს ჰქონდათ.  

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები ლიდერობენ. 

აღსანიშნავია, რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საშუალო ხელფასის მაჩვენებელი ნომინალურია და ვერ იძლევა წარმოდგენას, რეალურად როგორია ამ თანხის მსყიდველობითი უნარი. უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში ორნიშნა ინფლაციაა, რაც ნომინალურ გამოსახულებაში გაზრდილი საშუალო ხელფასის პირობებშიც კი, ამცირებს ადამიანების შემოსავლის მსყიდველობით უნარს, ანუ რეალურ შემოსავალს. შესაბამისად, მოქალაქეებს მეტი თანხა სჭირდებათ იმავე პროდუქტისა და მომსახურების შესაძენად, რასაც ადრე შედარებით ნაკლები ხელფასის პირობებში ყიდულობდნენ. მაგალითისთვის, 2010 წლის აგვისტოში თუ 1000 ლარი ჰქონდა ხელფასი დასაქმებულს და ხარჯავდა სამომხმარებლო პროდუქტებზე, 2022 წლის აგვისტოში იმავე პროდუქტის შესაძენად უკვე 1754 ლარი სჭირდება. ხოლო 2010 წელს რასაც 1541 ლარად შეიძენდით, ახლა იმავე პროდუქტის საყიდლად 2702 ლარი და 43 თეთრი დაგჭირდებათ.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ