LIVE

7 თვეში ლარის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი გამოვლინდა - RS

05 აგვ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 605
7 თვეში ლარის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი გამოვლინდა - RS

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო 7 თვეში საქართველოში მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი (ვალუტა - აშშ დოლარი, რუბლი, ევრო) გამოავლინეს.

„მსგავს სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნით, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა განახორციელეს მიმდინარე კონტროლის პროცედურები (მათ შორის, ტრანსპორტით მომსახურებაზე) რის შედეგადაც, საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე რეგისტრაციის გარეშე სამეწარმეო საქმიანობისთვის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდა, ხოლო 5 აგვისტოს, კოტე აფხაზის ქუჩაზე მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება „ფასის ლარით გამოხატვის წესების“ დარღვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მეწარმე სუბიექტს შეეფარდა გაფრთხილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153⁷ მუხლის შესაბამისად“, - აღნიშნავენ შემოსავლების სამსახურში.

უწყების განცხადებით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ, ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას, ფასის ლარით გამოხატვის წესის დაცვის მონიტორინგის ღონისძიებები.

შემოსავლების სამსახური შეახსენებს მეწარმე სუბიექტებს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე, ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა. შესაბამისად, მოუწოდებს თავი შეიკავონ ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევისგან.