ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“ გავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, 133 351,74 ლარის ღირებულების 871,53 გრამი ოქროს ჯართის გატანას ცდილობდა.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ჯართის საბაჟო წესების დარღვევით გატანის ფაქტი გამოავლინეს“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.