LIVE

Commerzbank: რუსული გაზის შეწყვეტა გერმანიაში 2009 წლის მსგავს ვარდნას გამოიწვევს

04 აგვ 202215:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 785
Commerzbank: რუსული გაზის შეწყვეტა გერმანიაში 2009 წლის მსგავს ვარდნას გამოიწვევს

Commerzbank-ი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, გერმანია შეიძლება ისეთი ვარდნის წინაშე აღმოჩნდეს, როგორიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდგომ დაფიქსირდა. 

გერმანული ბანკი ვარაუდობს, რომ ბუნებრივი აირის მიწოდების სერიოზულმა დეფიციტმა შეიძლება გერმანიის ეკონომიკისთვის გამოიწვიოს "ჯაჭვური რეაქცია გაუთვალისწინებელი შედეგებით". 

Commerzbank, რომელიც მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს ემსახურება, მოელის, რომ კიდევ 500 მილიონი ევროდან 600 მილიონ ევრომდე მოცულობის სესხების ჩამოწერა დასჭირდება. გასულ კვირას, მისმა უფრო მსხვილმა კონკურენტმა Deutsche Bank-მა განაცხადა, რომ მსგავსი სცენარის განვითარების შემთხვევაში, ორი წლის განმავლობაში დამატებით 1 მილიარდი ევროს გადანახვა მოუწევს.

გერმანია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც გაზის გათიშვით ყველაზე მეტად ზარალდებიან, რადგან გასული ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის იაფფასიან რუსულ საწვავზე დამოკიდებულება გაიზარდა.

ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის განცხადებით, რუსეთის ნაბიჯები ენერგეტიკული ბაზრების კოლაფსის საფრთხეს ქმნის.

Commerzbank-ის ფინანსურმა დირექტორმა ბეტინა ორლოპმა Bloomberg TV-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ დროისთვის, კორპორატიული კლიენტები ჯერ კიდევ კარგად მუშაობენ, რადგან მათ პანდემიის დროს ლიკვიდურობის დონე გაზარდეს. 

"თუ გაზის მიწოდება სრულად შეწყდება, რაც ჯერ კიდევ სავარაუდო სცენარია, დარწმუნებული ვართ, რომ გერმანიაში რეცესია დაიწყება", - ამბობს ორლოპი და დასძენს, რომ ყოველი დღე და კვირა მნიშვნელოვანია, რადგან ხალხი, კომპანიები და მთავრობა მოსალოდნელი სცენარისთვის ემზადებიან.

Commerzbank-ისა და Deutsche Bank-ის მიერ ასახული პოტენციური დამატებითი თანხები სესხების დაახლოებით 20 საბაზისო პუნქტის ეკვივალენტურია, თუმცა ყველაზე ცუდ შემთხვევაში, Commerzbank მიიღებს მთავრობის მხარდაჭერას, ხოლო Deutsche Bank - არა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ნიკოლას კომფორტი და სტივენ არონსი