LIVE

კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება ერთი თვით გადადო

01 აგვ 202210:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 663
კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება ერთი თვით გადადო

კოსოვოს მთავრობამ, აშშ-სთან და ევროკავშირთან კონსულტაციების შემდეგ, 30 დღით გადადო ახალი წესების ამოქმედება, რამაც გუშინ დაძაბულობა გამოიწვია. 

სერბულ რაიონებში მცხოვრები დაახლოებით 50 000 ადამიანი იყენებს სერბეთის ხელისუფლების მიერ 1999 წლის ომის შემდეგ გაცემულ ავტომობილის სანომრე ნიშნებსა და დოკუმენტებს და უარს ამბობს კოსოვოს ინსტიტუტების აღიარებაზე. კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 აგვისტოდან ძალაში უნდა შესულიყო ახალი წესები, მათ შორის, უნდა შეცვლილიყო სანომრე ნიშნები, რამაც სიტუაცია გაამწვავა. გუშინ ეთნიკურმა სერბებმა ჩრდილოეთში გადაკეტეს გზები, ხოლო შეიარაღებულმა მამაკაცებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს, თუმცა კოსოვოს პოლიციამ განაცხადა, რომ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

ნატოს შეფასებით, სიტუაცია იყო "დაძაბული", რადგან პროტესტის ნიშნად ორი მთავარი სასაზღვრო გადასასვლელი ასობით ეთნიკური სერბის მანქანებით ჩაიკეტა. კოსოვოში ალიანსის ხელმძღვანელობით მყოფი საერთაშორისო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ მზად იყო ჩარეულიყო სასაზღვრო კონფლიქტში, თუ კოსოვოს ჩრდილოეთში სტაბილურობას საფრთხე შეექმნება.

აშშ-ის ელჩის, ჯეფრი ჰოვენიერის თქმით, კოსოვოს მთავრობას სთხოვა, გადაედო სანომრე ნიშნების აღსრულება 30 დღით, რადგან, როგორც ჩანს, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია და გადაწყვეტილებამ გაუგებრობა გამოიწვია. 

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი მიესალმა წესების ამოქმედების გადავადებას და მოელის, რომ ყველა ბარიკადა მოიხსნება. მისი განცხადებით, კოსოვომ და სერბეთმა საჯარო საკითხები ევროკავშირის თანადგომით, დიალოგის გზით უნდა გადაწყვიტონ.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ასევე განაცხადა, რომ წესების გადადების შემდეგ, დაძაბულობის დეესკალაციას მოელის. 

კოსოვომ ცალმხრივად გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წლის თებერვალში. ის აღიარებულია შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის უმრავლესი ქვეყნების მიერ. 

კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობა გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ვალდებულნი არიან, ხანგრძლივი საკითხების გადაჭრის მიზნით, ჩაერთონ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ დიალოგში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: მიშა სავიჩი და ჟასმინა კუზმანოვიჩი