LIVE

Eutelsat-ი და OneWeb-ი SpaceX-ისთვის კონკურენციის გასაწევად ერთიანდებიან

26 ივლ 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 706
Eutelsat-ი და OneWeb-ი SpaceX-ისთვის კონკურენციის გასაწევად ერთიანდებიან

Eutelsat Communications-ი და OneWeb-ი ერთიანდებიან, რაც გაერთიანებული სამეფოს სატელიტურ ოპერატორს $3,4 მილიარდიან ღირებულებას მიანიჭებს. გარიგება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ევროპული ჩემპიონის შესაქმნელად, რომელიც ილონ მასკის SpaceX-ს გაუწევს კონკურენციას.

OneWeb-ის აქციონერები Eutelsat-ის 50%-ს დაიკავებენ, რომელიც ისევ პარიზში იქნება დალისტული და ასევე მოითხოვს ლონდონის საფონდო ბირჟაზე შესვლასაც.

შეთანხმება უკანასკნელი განვითარებაა კორპორაციებისა და მთავრობების რბოლაში დაბალი ორბიტის თანამგზავრების საშუალებით სწრაფი კავშირის შესათავაზებლად. დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მთავრობები OneWeb-სა და Eutelsat-ში წილებს ფლობენ, დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს მნიშვნელოვანი წილის ფლობას OneWeb-ში, რაც მას ვეტოს უფლებას მიანიჭებს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიმართულებით, მაგალითად ფირმის სათაო ოფისის ადგილმდებარეობის შესახებ.

ცნობისთვის, 2012 წელს დაარსებული OneWeb-ი 2020 წელს ჩამოიშალა, როცა მთავარმა ინვესტორებმა პანდემიის პიკში კომპანიიდან ფული გაიტანეს. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური აქტივის დასაცავად $500 მილიონი გამოყო, რაც Bharti Global-თან $1 მილიარდიანი პარტნიორობის ნაწილი იყო. გარიგება პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ყოფილმა მრჩეველმა, დომინიკ კამინგსმა დადო.

გარიგება ბაზარზე განსაკუთრებულ პოზიციას მიანიჭებს Eutelsat-ს, რომელსაც $1.53 მილიარდის გამომუშავების პოტენციალი აქვს.

თუმცა, გარიგებაზე ინვესტორების რეაქცია ორშაბათს ნეგატიური იყო. Eutelsat-ის აქციები გარიგების გამოცხადების შემდეგ 18%-ით დაეცა. Eutelsat-ი ასევე ორი წლის განმავლობაში შეაჩერებს დივიდენდებს, რათა OneWeb-ის შემდეგი თაობის სატელიტების გაშვება დააფინანსოს.

აღსანიშნავია, რომ Eutelsat-ს და OneWeb-ს განსხვავებული ურთიერთობები აქვთ რუსეთთან. OneWeb-მა მარტში განაცხადა, რომ სატელიტების გასაშვებად SpaceX-ს გამოიყენებს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ფრანგულ სარაკეტო კომპანია Arianespace-თან დაგეგმილი განლაგება დაბლოკა.

Eutelsat-ი აგრძელებს შერჩეული სატელიტური სერვისების მიწოდებას რუსეთისთვის, ევროპული მარეგულირებლების მხრიდან ზეწოლის შემდეგაც კი. კომპანია, მისი ვებსაიტის მიხედვით, რუსეთისა და მიმდებარე რეგიონის სახლების 50%-ს ფარავს.

Eutelsat-ი, რომელიც OneWeb-ის 24%-იანი წილისთვის $550 მილიონის გადახდას დათანხმდა, უმაღლესი გეოსტაციონარული ორბიტიდან თანამგზავრების მართვას ისეთი კლიენტებისთვის ახორციელებს, როგორიცაა მთავრობა და ტელემაუწყებლები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტომას სილი