LIVE

საქართველოში Starlink-ის ინტერნეტის მიწოდება 2023 წლიდან დაიწყება

22 ივლ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1100
საქართველოში Starlink-ის ინტერნეტის მიწოდება 2023 წლიდან დაიწყება

2023 წლიდან საქართველოში მსოფლიოს წამყვანი კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink-ი დაიწყებს ოპერირებას, რომელიც თანამგზავრული სისტემებით, მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ Starlink-ის ბიზნესოპერაციების ვიცე-პრეზიდენტმა ჩად გიბიმ განაცხადა. 

პირველ ეტაპზე Starlink-ის ინტერნეტით ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკები ისარგებლებენ.

„SpaceX მიესალმება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას, Starlilnk-ისთვის ავტორიზაციის მინიჭების კუთხით, რის შემდეგაც კომპანია საქართველოში ფიზიკურ პირებსა და ბიზნესს, მაღალი ხარისხის თანამგზავრულ ფართოზოლოვან ინტერნეტს მიაწვდის“, - განაცხადა Starlink-ის ბიზნესოპერაციების ვიცე-პრეზიდენტმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს SpaceX-ის ბაზრებზე წვდომის რეგიონალურ დირექტორს ბენ მაკ უილიამსს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, Starlink-ის საქართველოში შემოსვლითა და ოპერირების დაწყებით, ფაქტობრივად, ახალი ეტაპი იწყება ინტერნეტიზაციის კუთხით.

შეგახსენებთ, გასულ კვირაში ილონ მასკის დაარსებულმა კომპანია SpaceX-ის Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია გაიარა

ცნობისთვის, Starlink-ი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული. Starlink-ი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში, ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.