LIVE

თბილისში ბინები მზესუმზირასავით იყიდება - ლაშა პაპაშვილი

22 ივლ 202215:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 1277
თბილისში ბინები მზესუმზირასავით იყიდება - ლაშა პაპაშვილი

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებას ეკონომიკურ ზრდას უკავშირებს. მისი შეფასებით, მოქალაქეების შემოსავლები გაზრდილია.

ამასთან, პაპაშვილის განცხადებით, უძრავი ქონების ტრანზაქციების მატება გაზრდილი ტურისტული ნაკადების და კერძოდ, იმის დამსახურებაცაა, რომ ქვეყანაში არაერთი ადამიანი სამუშაოდ დარჩა.

„მზარდი ეკონომიკის ფონზე, იზრდება საქართველოს მოქალაქეების შემოსავლებიც. სწორედ ამის შედეგია, უძრავ ქონებაზე გაზრდილი მოთხოვნა და ფაქტი, რომ თბილისში ბინები მზესუმზირასავით იყიდება“,- განაცხადა ლაშა პაპაშვილმა „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე მიგრანტების ეფექტი არ იგრძნობა და მაგალითად, ბათუმში უცხოელების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების დაახლოებით 95% სხვა ქვეყნებზე მოდის და არა რუსეთისა თუ ბელარუსის მოქალაქეებზე.

ცნობისთვის, უძრავი ქონების ბაზარი უკვე მეორე წელია ზრდას განაგრძობს. „თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, ივნისში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა დაახლოებით 6%-ით გაიზარდა. წინა თვეების მსგავსად, ფასები მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება და 1 კვ/მ-ის ღირებულებამ საშუალოდ 926 დოლარი შეადგინა. დედაქალაქში ყველაზე დიდი ზრდა ფიქსირდება ნაძალადევში 31%-ით, საბურთალოზე 24%-ით, ხოლო კრწანისში 13%-ით. ყველაზე მოთხოვნადი უბნები კი საბურთალო, დიდი დიღომი და ისანია. სწორედ ამ უბნებში არის ყველაზე აქტიური უძრავი ქონების ტრანზაქციები. დეველოპერებს აქვთ მოლოდინი, რომ მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით უძრავი ქონება 10-15%-ით გაძვირდება. ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა კი 15-20% იქნება.