LIVE

Tesla-მ ბიტკოინების 75% გაყიდა

21 ივლ 202214:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 600
Tesla-მ ბიტკოინების 75% გაყიდა

Tesla-მ მფლობელობაში არსებული ბიტკოინების მნიშვნელოვანი ნაწილი, 75% გაყიდა.

აქციონერთა წერილში, რომელიც კომპანიის შემოსავლების ანგარიშს წარმოადგენს, კომპანია წერს, რომ მეორე კვარტლის ბოლოს, ბიტკოინების დაახლოებით 75% გაყიდა და ამის სანაცვლოდ $936 მილიონი ნაღდი ფული მიიღო. 

ელექტრომობილების მწარმოებელმა 2021 წლის თებერვალში გამოაცხადა, რომ მან $1,5 მილიარდის ინვესტიცია ჩადო ბიტკოინში და შემდგომ თავისი აქციების 10% აპრილში გაყიდა. Tesla-ს განცხადებით, მისი ციფრული აქტივები $218 მილიონამდე შემცირდა და ბიტკოინის გაუფასურებამ დააზარალა მეორე კვარტლის მოგება.

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის განმარტებით, კომპანიამ ბიტკოინი Covid-ის "ლოკდაუნებთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო, ნაღდი ფულის მოცულობის მაქსიმალურად გასაზრდელად გაყიდა. მან ხაზი გაუსვა, რომ გაყიდვა არ უნდა განიხილებოდეს, როგორც "ბიტკოინისთვის გამოტანილი გარკვეული განაჩენი".

ნოემბერში დაფიქსირებული უდიდესი მაჩვენებლის, $69,000-იანი ღირებულების შემდეგ, ბიტკოინის ფასი მკვეთრად დაეცა. მის ფასზე იმოქმედა Tesla-ს ანგარიშმაც. ბიტკოინმა დაარღვია სამი სესიის მზარდი სერია და სინგაპურში საღამოს 14:42 საათისთვის 1.7%-ით ნაკლები, დაახლოებით $22,853 შეადგინა. 

მასკს კრიპტოვალუტის სფეროში დიდი გავლენა აქვს. მასკის მიერ ბიტკოინის მიმართ დადებითი განწყობა დაეხმარა ციფრულ ვალუტას, როცა Tesla-მ დაუშვა ტოკენით ვაჭრობა, მაგრამ მოგვიანებით გარემოსდამცველების მაინინგის პროცესებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო, გადახდის ამ ვარიანტზე უარი თქვა. 

მიუხედავად ამისა, მასკმა თავი წარმოაჩინა კრიპტოს მხარდამჭერად. ბოლო დროს მან მიანიშნა, რომ კიდევ ერთმა მისმა კომპანიამ, SpaceX-მა, შესაძლოა Tesla-ს მსგავსად, მომავალში საქონლის შესყიდვისთვის Dogecoin-ი მიიღოს.

ბიტკოინის კიდევ ერთი მთავარი კორპორაციული მყიდველის, MicroStrategy-ის აქციები ბაზრის შემდგომ ვაჭრობაში დაახლოებით 4%-ით დაეცა. მეორე კვარტლის ბოლოს, პროგრამული უზრუნველყოფის ფირმის საკუთარი ბიტკოინის წილი დაახლოებით $3,4 მილიარდით ნაკლები ღირდა, ვიდრე წინა კვარტალში. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დანა ჰალი და ემილი ნიკოლი