LIVE

Nord Stream: რუსეთმა ევროპისთვის გაზის მიწოდება განაახლა

21 ივლ 202211:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 840
Nord Stream: რუსეთმა ევროპისთვის გაზის მიწოდება განაახლა

რუსეთმა Nord Stream-ის მეშვეობით ევროპისთვის გაზის მიწოდება 10-დღიანი პაუზის შემდეგ აღადგინა.  

მილსადენის ოპერატორის მონაცემების თანახმად, ნაკადები სიმძლავრის 40%-იანი დატვირთვით მიედინება.

ყველაზე დიდი მილსადენი, რომლითაც გერმანიას რუსული გაზი მიეწოდება, ყოველწლიური ტექნიკური სამუშაოების გამო, 11 ივლისს 10 დღით გაჩერდა

თუმცა, მთავრობები, ბაზრები და კომპანიები შიშობდნენ, რომ მილსადენის გაჩერება შესაძლოა, უკრაინაში ომის ფონზე უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო. ვროპა ყველაზე უარესი სცენარისთვისაც ემზადება. ამ მიზნით, ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს წარუდგინა პროგრამა "შეინახე გაზი უსაფრთხო ზამთრისთვის", რომელიც მომავალი წლის გაზაფხულამდე გაზის მოხმარების ნებაყოფლობით 15%-ით შემცირებას ითვალისწინებს. 

ექსპორტის განახლება გარკვეულ შვებას მოუტანს კონტინენტს, რომელიც ზამთრის წინ საწვავის მომარაგებას ცდილობს. რუსული გაზის გარეშე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპას ექნება საკმარისი მარაგი სახლების გასათბობად და განათების შესანარჩუნებლად მთელი ზამთრის განმავლობაში. ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებული რისკი უზარმაზარი ეკონომიკური ზიანის საფრთხეს ქმნის.

ახლა, როცა გაზის მიწოდება აღდგენილია, ეს შიში ნაწილობრივ გაქარწყლდა, თუმცა პერსპექტივა კვლავ ბუნდოვანია. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ აღნიშნა, რომ ნაკადები შესაძლოა, მომავალ კვირაში 20%-მდე შემცირდეს. მისი თქმით, რუსეთში საკომპრესორო სადგურზე ამჟამად მუშაობს მხოლოდ ორი ტურბინა და ერთ-ერთს ამ თვეში სჭირდება ტექნიკური სამუშაოების ჩატარება. პუტინის თქმით, ნაკადები შეიძლება შემცირდეს, თუ კანადიდან გაგზავნილი შემცვლელი ტურბინა რუსეთში მალე არ ჩავა. 

ტურბინა, რომელიც კანადაში Siemens Energy-მ ააშენა, მონრეალში სარემონტოდ გაიგზავნა. რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის სანქციების გამო, ის ადგილზე დაიბლოკა. მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ კანადამ 17 ივლისს, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გერმანიაში თვითმფრინავით გაგზავნა Nord Stream-ის ტურბინა, თუმცა მის რუსეთში ჩატანას, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება.

გასული წლის განმავლობაში ევროპული გაზის ფასები გაიზარდა და უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ფასები შემცირდა, ისინი ჯერ კიდევ რამდენჯერმე აღემატება გასული ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელს, რაც მომხმარებლებისთვის ცხოვრების ხარჯებს ზრდის.

გაზის დეფიციტთან დაკავშირებით შეშფოთება უკვე ყველა ბაზარზე გავრცელდა, გაუფასურდა ევრო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, ნაკადების მიწოდების სრული შეწყვეტა გერმანიას, ევროპის უდიდეს ეკონომიკას, ეკონომიკური წარმოების თითქმის 5%-ის დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ელენა მაზნევა და ისის ალმეიდა