LIVE

Gazprom ევროპისთვის Nord Stream-ით გაზის მიწოდების დროულად აღდგენას გეგმავს

19 ივლ 202221:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 634
Gazprom ევროპისთვის Nord Stream-ით გაზის მიწოდების დროულად აღდგენას გეგმავს

Gazprom ევროპისთვის Nord Stream მილსადენით გაზის მიწოდების აღდგენას დათქმულ ვადაში გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას საკითხში გარკვეული პირები ავრცელებენ და აზუსტებენ, რომ ხუთშაბათს მილსადენზე ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ, ევროპა ისევ გაზის შემცირებულ ნაკადებს მიიღებს. 

გაზის მიწოდების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება კრემლმა უნდა მიიღოს. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი არ იძლევა რაიმე ნიშანს, რომ ნაკადები ამ კვირაში არ აღდგება, 14 ივლისს რამდენიმე ევროპელ კლიენტზე ფორსმაჟორული მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილებამ გააძლიერა ეჭვი, რომ შესაძლოა, მიწოდება მიმდინარე კვირაში არ განახლდეს, რის გამოც ევროპა ყველაზე უარესი სცენარისთვისაც ემზადება. 

ყველაზე დიდი მილსადენი, რომლითაც გერმანიას რუსული გაზი მიეწოდება, ყოველწლიური ტექნიკური სამუშაოების გამო 11 ივლისს 10 დღით გაჩერდა. თუმცა, მთავრობები, ბაზრები და კომპანიები შიშობენ, რომ მილსადენის გაჩერება შესაძლოა, უკრაინაში ომის ფონზე უფრო დიდხანს გაგრძელდეს.

უფრო ადრე, ივნისის შუა რიცხვებში, Gazprom-მა, ბალტიის სადგურზე დაზიანების გამო, Nord Stream-ის მეშვეობით, ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდება 40%-ით შეამცირა. ამის მიზეზად კომპანიამ სარემონტოდ ამოღებული ტურბინის დაგვიანება დაასახელა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ კანადამ 17 ივლისს, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გერმანიაში თვითმფრინავით გაგზავნა Nord Stream-ის ტურბინა, თუმცა მის რუსეთში ჩატანას, სავარაუდოდ, კიდევ ერთი კვირა დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ნაწილი 21 ივლისს, მილსადენზე ტექნიკური სამუშაოების დასრულების დროისთვის ადგილზე არ იყოს. 

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ Gazprom-მა შესაძლოა, Nord Stream-ის მეშვეობით გაზის მიწოდება გაზარდოს, რათა დაამტკიცოს, რომ ევროკომისია ცდება და ამასთან, მეტი თანხა გამოიმუშაოს.

Nord Stream 1-ის მილსადენით რუსეთიდან გერმანიას, ბალტიის ზღვის გავლით, 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია