LIVE

გლობალური ენერგოკრიზისი შესაძლოა გაუარესდეს - IEA

12 ივლ 202214:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 680
გლობალური ენერგოკრიზისი შესაძლოა გაუარესდეს - IEA

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელის თქმით, ენერგიის მიწოდების გლობალური შემცირება, რამაც ენერგიის მნიშვნელოვანი დეფიციტი და ელექტროენერგიის და საწვავის ფასების ზრდა გამოიწვია, შესაძლოა გაუარესდეს.

მსოფლიო არასოდეს ყოფილა ასეთი დიდი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე მისი სიღრმისა და სირთულის თვალსაზრისით. შესაძლოა, ყველაზე უარესი ჯერ არ გვინახავს, ეს მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას”,- განაცხადა IEA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიჰ ბიროლმა სიდნეიში გამართულ გლობალურ ენერგეტიკულ ფორუმზე.

ბიროლის თქმით, მთელ ენერგეტიკულ სისტემაში არეულობაა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რომელიც იმ დროისთვის ყველაზე მსხვილი ნავთობისა და გაზის ექსპორტიორი და საქონლის ბაზარზე მთავარი მოთამაშე იყო. ენერგიის მზარდი ფასები ზრდის საწვავის, სახლების გათბობის და ელექტროენერგიის ინდუსტრიის ხარჯებს მთელ მსოფლიოში, აძლიერებს ინფლაციურ ზეწოლას და იწვევს სასიკვდილო პროტესტს აფრიკიდან შრი-ლანკამდე.

1970-იანი წლების ნავთობის კრიზისის მსგავსად, რამაც საწვავის ეფექტურობის უზარმაზარი მიღწევები და ბირთვული ენერგიის ბუმი გამოიწვია, მსოფლიომ შესაძლოა მთავრობების მიერ სუფთა ენერგიაზე გადასვლის უფრო სწრაფი ტემპი დააფიქსიროს. თუმცა, პარალელურად, გაზისა და ნავთობის მომარაგების უსაფრთხოება ევროპისთვის და სხვა რეგიონებისთვის გამოწვევად დარჩება.

აშშ-ს ენერგეტიკის მდივანმა ჯენიფერ გრანჰოლმმა ამავე ფორუმზე განაცხადა, რომ აშშ-სა და მოკავშირეების მიერ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უკრაინის ომის გამო დაპირისპირების და რუსული ექსპორტის ალტერნატივის ძებნის შედეგები გლობალურ ენერგეტიკულ სექტორში ხაზს უსვამს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობას.

გრანჰოლმის განცხადებით, სუფთა ენერგიაზე გადასვლის პროცესში, ერებმა თავი უნდა დაიცვან ერთ დომინანტ ენერგიის მიმწოდებელზე დამოკიდებულებისგან, რომელიც რუსეთს ჩაანაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი მზის ენერგიის გლობალური მიწოდების ჯაჭვების დაახლოებით 80%-ს აკონტროლებს, რომელიც, IEA-ს თანახმად, 2025 წლისთვის 95%-მდე გაიზრდება. ჩინეთი დომინირებს ლითიუმ-იონური ბატარეების სექტორშიც, ასევე არის ქარის ტურბინების მთავარი მწარმოებელი და ცდილობს სწრაფად გაძლიერდეს სუფთა წყალბადის ტექნოლოგიაშიც.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დეივიდ სტრინგერი