ვალუტით მოვაჭრეები ემზადებიან სამყაროსთვის, სადაც ერთი ევრო დოლარზე ნაკლები ღირს. ამ დროისთვის bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 ევროს ღირებულება $1.0169-ია.
ევროზონის საერთო ვალუტა 2002 წლის შემდეგ პირველად უახლოვდება პარიტეტს დოლართან. ახლა, როცა ისტორიული მხარდაჭერის დონეები დაირღვა, ბაზრის აქცენტი კეთდება იმაზე, თუ რამდენად დაბალ დონეზე შეიძლება დაეცეს ევრო.
შემდეგი გაჩერება ვალუტისთვის შესაძლოა $0.9850 იყოს, დონე, რომელზეც ოფციონები მიანიშნებენ. Depository Trust & Clearing Corporation-ის მონაცემების მიხედვით, ინვესტორები პარიტეტს მიღმა ვალუტასთან მნიშვნელოვან კავშირს ერიდებიან. თუმცა, 1 ივლისის შემდეგ, დაღმავალი ბაზრის ფსონები უფრო დაბალ დონეებზე კონცენტრირდება. ოფციონებით მოვაჭრეებისთვის $0.95 ბოლო დროის პოპულარული ფსონი გახდა.
იმის გათვალისწინებით, რომ თებერვალში ევრო დაახლოებით $1,15-ად ივაჭრებოდა, ვალუტის დაღმავალი სპირალი სწრაფი და ძლიერი იყო. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გააუარესა ევროზონის ეკონომიკური ზრდის მოლოდინები და გააძვირა ენერგიის იმპორტი, პარალელურად კი აშშ-ის ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ დოლარი კიდევ უფრო გააძლიერა.
ეს ევროპის ცენტრალურ ბანკს (ECB) აფერხებს. ის აქამდე ეწინააღმდეგებოდა ისეთ აგრესიულ პოლიტიკას, რომელსაც მსოფლიოს ცენტრალური ბანკები იყენებენ. ECB-ი სესხის აღების ხარჯების გაზრდას მიმდინარე თვის ბოლოს მეოთხედი პუნქტით აპირებს, რაც, სავარაუდოდ, ევროზონის საერთო ვალუტაზე ზეწოლას შეინარჩუნებს.
ზოგიერთი ანალიტიკოსის გაფრთხილებით, ევროს ქაოსური დაღმასვლა შესაძლოა მისი კიდევ უფრო დაცემის მანიშნებელი იყოს.
ჯორჯ სარაველოსმა, Deutsche Bank-ის სავალუტო კვლევის ხელმძღვანელმა, თქვა, რომ ევროს ღირებულების $0,95-$0,97-მდე შემცირება ისტორიული ექსტრემალური დისლოკაციის ანალოგიური იქნება, რომელიც სავალუტო ბაზრებზე 1971 წელს ბრეტონ ვუდსის სისტემის დასრულების შემდეგ მოხდა.
Bloomberg-ის ოფციონების ფასების მოდელის მიხედვით, ევროს 52%-იანი შანსი აქვს, რომ მომდევნო 30 დღის განმავლობაში დოლართან პარიტეტს მიაღწიოს. ასევე, ოთხიდან ერთი შანსი, რომ წლის ბოლომდე მისი ღირებულება $0,95-მდე დაეცეს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გრეგ რიჩი