LIVE

თურქეთში ინფლაცია 78.62%-მდე გაიზარდა

04 ივლ 202212:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 761
თურქეთში ინფლაცია 78.62%-მდე გაიზარდა
SeongJoon Cho/Bloomberg

თურქეთის სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ ივნისში 78,62% შეადგინა, მაისში ეს მაჩვენებელი 73,5% იყო. Bloomberg-ის 17 ანალიტიკოსის გამოკითხვის თანახმად, გასულ თვეში მოსალოდნელი იყო 79,95%-იანი ინფლაცია. 

ივნისში თურქეთში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 4,95% შეადგინა, რაც ასევე ნაკლებია კვლევის შედეგად მოსალოდნელ 5,73%-ზე. 

რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან მაჩვენებლებს, მწარმოებელთა ფასების მაჩვენებლები წლიურად 138.31%-ით გაიზარდა. სურსათზე წლიური ფასების ზრდა 91,6%-დან 93,93%-მდე დაჩქარდა.

საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც არასტაბილური პროდუქტების, მაგალითად, საკვების, ენერგეტიკისა და ოქროს ფასებს გამორიცხავს, 56.04%-დან 57.26%-მდე გაიზარდა. 

თურქეთში ინფლაცია 2017 წლის დასაწყისიდან თითქმის მუდმივად ორნიშნაა, მაგრამ გაძვირებული ენერგიისა და სხვა სასაქონლო ხარჯების ზრდის გამო, წელს განსაკუთრებით დაჩქარდა. სტამბულში საცალო ინფლაცია გასულ თვეში წლიურ 94%-მდე გაიზარდა. 

ცენტრალური ბანკი ამ დროისთვის კვლავ თავს იკავებს განაკვეთების გაზრდისგან. გასული ექვსი თვის განმავლობაში ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 14%-ზე ტოვებს. პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დიდი ხანია მხარს უჭერს თეორიას, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები იწვევს ინფლაციას და არ უწყობს ხელს მის შეკავებას, რაც ცენტრალურ ბანკზე ზეწოლას იწვევს. 

განაკვეთის გაზრდის ნაცვლად, ბანკი ხელს უწყობს ადგილობრივი ვალუტის გამოყენების წახალისებას და გრძელვადიან საინვესტიციო სესხებს. 

აღნიშნული პოლიტიკა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, თუ რატომ აქვს ლირას, დოლართან მიმართებით, მიმდინარე წელს განვითარებად ბაზრებზე ყველაზე ცუდი შედეგი.

სტამბოლში დილის 10:12 საათისთვის ლირა 0,1%-ით გაუფასურდა და 1 დოლარის ღირებულებამ 16,7715 ლირა შეადგინა.

ცენტრალური ბანკი განაკვეთის დადგენის მორიგ სხდომას 21 ივლისს გამართავს.

ცნობისთვის, უკვე ერთი წელია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, ივნისში წლიური ინფლაცია 12.8%-მდე გაიზარდა

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბერილ აკმანი