LIVE

თურქეთი თურქმენული გაზის TANAP-ის გაზსადენით ტრანსპორტირებას განიხილავს

02 ივლ 202213:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1270
თურქეთი თურქმენული გაზის TANAP-ის გაზსადენით ტრანსპორტირებას განიხილავს

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა გამოაცხადა თურქმენული გაზის ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) გავლით ანატოლიაში ტრანსპორტირების შესაძლებლობა.

განცხადება ფაუტ ოქტაიმ თურქმენეთ-თურქეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, ენერგეტიკული თანამშრომლობა უფრო მნიშვნელოვანი გახდა გლობალური ენერგოუსაფრთხოების პრობლემების გამო.

“თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის თანამშრომლობით შეგვიძლია თურქმენული გაზის გადატანა ანატოლიაში და მისი ტრანსპორტირება TANAP-ის ხაზით”,- განაცხადა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა.

ოქტაის იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებები თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, თურქულ ენერგოკომპანია BOTAŞ-სა და თურქმენეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბუნებრივი აირის მწარმოებელ სახელმწიფო კონცერნ Turkmengas-ს შორის დადებით შედეგს გამოიღებს.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე გამოაცხადა თურქული სახელმწიფო კომპანიების მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღონ ნახშირწყალბადების რესურსების განვითარებაში კასპიის ზღვაში თურქმენეთ-აზერბაიჯანის ერთობლივ დოსტლუკის საბადოზე.

TANAP-ი სამხრეთის გაზის დერეფნის ცენტრალური ნაწილია, რომელიც აზერბაიჯანში შაჰ-დენიზის გაზის საბადოს ევროპასთან აკავშირებს. პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი მიზნად ისახავს ევროპისა და თურქეთის ბუნებრივი აირის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას. ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება საქართველოზე გამავალი გაზსადენით უნდა მოხდეს.