LIVE

ტექინსპექტირებაზე სახელმწიფო კონტროლი ხარვეზებით მიმდინარეობდა - აუდიტი

01 ივლ 202218:56
3 წუთის საკითხავი
clock clock 818
ტექინსპექტირებაზე სახელმწიფო კონტროლი ხარვეზებით მიმდინარეობდა - აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2018-2020 წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირების პროცესზე სახელმწიფო კონტროლი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით მიმდინარეობდა. 

ანგარიშის მიხედვით, შესაფერისი პასუხისმგებლობის ზომების არარსებობის გამო, აკრედიტაციის ცენტრის მიერ განხორციელებული ვიდეომონიტორინგი ვერ უზრუნველყოფდა, ერთი მხრივ, ინსპექტირების ცენტრების და ინსპექტორების მიმართ სისტემურ მიდგომას და, მეორე მხრივ, ინსპექტირებასთან დაკავშირებული დარღვევების პრევენციას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018-2020 წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა მავნე ნივთიერების კონცენტრაციების დადგენა და არეალის დაფარვა არ წარმოებდა სრულყოფილად. შესაბამისად, შეუძლებელია განისაზღვროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გაუმართაობით მიღებული გავლენა ჰაერის დაბინძურებაზე.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ინსპექტირების ცენტრებში პერსონალის კვალიფიკაციის ნაკლებობაა.  

„აუდიტორული პროცედურების შედეგად, შერჩეული ინსპექტირების ცენტრებზე სრულყოფილად ვერ იქნა წარმოდგენილი 2018-2020 წლებში ინსპექტორთა წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნების დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუმცა ინსპექტირების ცენტრები აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან იღებდნენ დადებით შეფასებებს.

ინსპექტორთა კვალიფიკაციის შეფასება განხორციელდა არასრულყოფილად, რადგან შეფასება გაიარა არა ყველა, არამედ მხოლოდ ინსპექტირების ცენტრების მიერ წარმოდგენილმა კანდიდატებმა. ასევე, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც აკრედიტაციის ცენტრი 2019 წელს ინსპექტორთა სწავლებასა და შემდგომ გასაუბრებით მათი ცოდნის შეფასებას, თავადვე ახორციელებდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2019-2020 წლებში ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულების ვადაგადაცილებაზე ქვეყნის მასშტაბით 559 ვიდეოკამერა რეაგირებდა. იმის გამო, რომ „112“-ს არ გააჩნია ვიდეოკამერის მწყობრიდან გამოსვლის ფაქტის ავტომატურ რეჟიმში გამოვლენის პროგრამული უზრუნველყოფა, მსგავსი ფაქტის აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მანუალური შემოწმებით, ეს კი კამერების სიმრავლიდან გამომდინარე სისტემატურად ვერ ხდება.