ევროკომისიის მიხედვით, ევროკავშირმა უნდა აკრძალოს არომატიზებული გახურებადი თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა.
როგორც ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ევროკომისარმა სტელა კირიაკიდესმა დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, ეს აკრძალვა დაეხმარება ევროპას, 2040 წლამდე 5%-ით შეამციროს მოსახლეობაში თამბაქოს გამოყენება.
მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ სიგარეტის ალტერნატივები, როგორიცაა ელექტრო სიგარეტი, არ იწვევს თამბაქოს წვას, რაც მას ნაკლებ მავნეს ხდის ჯანმრთელობისთვის ალტერნატივასთან შედარებით. თუმცა, არომატიზებული პროდუქტები გაძლიერებული ყურადღების ქვეშაა მოქცეული, რადგან თამბაქოს მოწინააღმდეგეების მტკიცებით, მეტ ახალგაზრდას იზიდავს.
წინადადება ჯერ ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის მხრიდან გაივლის შემოწმებას და ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შევა ძალაში. წევრ ქვეყნებს რვა თვე ექნებათ, რომ დირექტივა შესაბამის ეროვნულ კანონმდებლობაში ასახონ.
ინიციატივას წინ უძღოდა ბოლო კვირების განმავლობაში სიგარეტსა და ნიკოტინზე დაწესებული ფართომასშტაბიანი შეზღუდვა. გასულ თვეში, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ მომზადებულ დოკუმენტში რეკომენდებულია თამბაქოს მოხმარების კანონიერად განსაზღვრული ასაკის ყოველწლიურად გაზრდა, ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარების ეტაპობრივი შეწყვეტის მიზნით. როგორც აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ განაცხადა, ისინი შეიმუშავებენ წესს, სიგარეტიდან ნიკოტინის დიდი ნაწილის გამოდევნის შესახებ, ამავდროულად კი, მოითხოვენ ბაზრიდან ელექტრო სიგარეტების ამოღებას.
„პრევენცია ყოველთვის სჯობს მკურნალობას“, - აღნიშნავს ევროკომისარი კირიაკიდესი.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კორინ გრეტლერი