LIVE

EBRD-ი მოლდოვას ენერგოუსაფრთხოებისთვის 300 მილიონ ევრომდე სესხს მისცემს

25 ივნ 202217:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 584
EBRD-ი მოლდოვას ენერგოუსაფრთხოებისთვის 300 მილიონ ევრომდე სესხს მისცემს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მოლდოვას  300 მილიონ ევრომდე სამწლიან სესხს გამოუყოფს. თანხას კომპანია Energocom-ი გაზის მიწოდებისა და სტრატეგიული რეზერვების ფორმირებისა და დივერსიფიკაციისთვის გამოიყენებს.

“სესხის ორი ტრანში განხორციელდება. პირველი, გადაუდებელი ტრანში 200 მილიონ ევრომდე, რომელიც დაიხარჯება გაზის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში. მეორე ტრანში, 100 მილიონ ევრომდე დივერსიფიკაციას მოხმარდება. თანხა დაიხარჯება მოლდოვას სტრატეგიული გაზის რეზერვის შესანახად რუმინეთში ან უკრაინაში, რაც დაეხმარება ქვეყანას სეზონური ფასების ზრდის თავიდან აცილებაში და მომარაგების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციაში”, - ნათქვამია განცხადებაში.

EBRD-ის ცნობით, პროექტი მიზნად ისახავს მოლდოვას ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას გადაუდებელი და გრძელვადიანი საკრედიტო საშუალებებით. ის შეამცირებს მიწოდების შეფერხების რისკს და შეინარჩუნებს ხელმისაწვდომობას სასიცოცხლო ენერგეტიკულ სერვისებზე, გაზის სტრატეგიულ რეზერვებზე და ხელს შეუწყობს გაზის მიმწოდებლების დივერსიფიკაციას. 

Energocom-ი სახელმწიფო საწარმოა, რომელიც მოლდოვის მთავრობის მიერ ელექტროენერგიის იმპორტისა და შიდა ბაზარზე ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით დაარსდა. 2021 წლის ოქტომბერში მთავრობამ Ebergocom-ი გაზის ალტერნატიულ მიმწოდებლად დანიშნა, რაც ხელს შეუწყობს მოლდოვას დამოკიდებულების შემცირებას ერთ მიმწოდებელზე, რუსულ Gazprom-ზე, ევროკავშირის ჰაბებიდან გაზის შესყიდვისთვის.