LIVE

Roe v. Wade - ამერიკული კომპანიები აბორტისთვის საჭირო მოგზაურობის ხარჯებს დაფარავენ

25 ივნ 202211:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 955
Roe v. Wade - ამერიკული კომპანიები აბორტისთვის საჭირო მოგზაურობის ხარჯებს დაფარავენ
REUTERS/Evelyn Hockstein

შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 1973 წლის გადაწყვეტილება საქმეზე როუ უეიდის წინააღმდეგ. შედეგად, გაუქმდა აბორტის კონსტიტუციური უფლება.

აბორტის გაუქმება გამარჯვებაა რესპუბლიკელებისა და რელიგიურ კონსერვატორებისთვის, რომლებსაც სურთ შეზღუდონ ან აკრძალონ აბორტი და ზოგიერთ შტატში მისი კრიმინალიზაცია მოახდინონ.

მოსალოდნელია, რომ ბევრი შტატი კიდევ უფრო შეზღუდავს ან აკრძალავს აბორტებს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც ართულებს ქალი დასაქმებულებისთვის ორსულობის შეწყვეტას, თუ ისინი არ გაემგზავრებიან შტატებში, სადაც პროცედურა დაშვებულია.

ამერიკულმა კომპანიებმა, მათ შორის Walt Disney-მ და Meta Platforms-მა განაცხადეს, რომ დაფარავენ თანამშრომლების ხარჯებს, თუ მათ მოუწევთ აბორტის სერვისის მისაღებად სხვა შტატში მოგზაურობა.

Disney-ს შეღავათები დაფარავს იმ თანამშრომლების ხარჯებს, რომლებსაც სჭირდებათ სხვა შტატში გამგზავრება სერვისის მისაღებად, მათ შორის აბორტის გასაკეთებლად.

Meta თანამშრომლებს აუნაზღაურებს მოგზაურობის ხარჯებს, მაგრამ კომპანია ასევე “აფასებს, თუ როგორ გააკეთოს ეს უკეთესად იურიდიული სირთულეების გათვალისწინებით”.

Meta  ასევე ცდილობდა შეეზღუდა გადაწყვეტის შიდა განხილვა. სიეტლში მცხოვრები Meta-ს თანამშრომლის LinkedIn-ის პოსტის თანახმად, მოდერატორებმა Workplace-ის ფორუმზე წაშალეს პოსტები, რომლებშიც ნახსენები იყო აბორტი. Meta-ს პრესსპიკერმა შიდა პოლიტიკაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

აბორტის მხარდაჭერის პოლიტიკა კომპანიების მიხედვით განსხვავებულია.

ლორენ ჰობარტმა, Dick's Sporting Goods-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, LinkedIn-ზე განაცხადა, რომ კომპანია დაფარავს მგზავრობის ხარჯებს $4000-მდე თანამშრომლებისა ან მათ ოჯახებისთვის, თუ აბორტის გაკეთების საშუალება არ იქნება იმავე შტატში.

კომპანიები, რომლებიც სთავაზობენ ანაზღაურებას აბორტთან დაკავშირებული მოგზაურობისთვის, შეიძლება დაუცველები იყვნენ აბორტის საწინააღმდეგო ჯგუფებისა და რესპუბლიკელების მიერ მართული სახელმწიფოების სარჩელების მიმართ და პოტენციური სისხლისსამართლებრივი სასჯელიც კი მიიღონ.

იურისტები და სხვა ექსპერტები შიშობენ, რომ დამსაქმებლებს შეიძლება წააყენონ ბრალდებები კანონების დარღვევისთვის, რომლებიც კრძალავს აბორტის ხელშეწყობას.

ტაქსის კომპანია Lyft-ი ლეგალურად დაიცავს მძღოლებს აბორტის შემთხვევაში და გააფართოებს პოლიტიკას, როდესაც ახალი სახელმწიფო კანონები მიიღება. “არც ერთმა მძღოლმა არ უნდა ჰკითხოს მგზავრს, სად მიდის ან რატომ”, - განაცხადა კომპანიის სპიკერმა.

მაისში აბორტის შესახებ უზენაესი სასამართლოს განჩინების პროექტმა გაჟონა. მაშინ ბევრმა სხვა კომპანიამ, მათ შორის Yelp-მა, Microsoft-მა და Tesla-მ, განაცხადეს, რომ დაეხმარებიან მოგზაურობის ხარჯების დაფარვაში იმ თანამშრომლებს. 

Apple-მა გაიმეორა, რომ მხარს უჭერს თანამშრომლების რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და ეს მოიცავს მოგზაურობას იმ სერვისებისთვის, რომლებიც ადგილობრივად მიუწვდომელია.

Yelp-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერემი სტოპელმანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება “საფრთხეს უქმნის ქალთა ჯანმრთელობას, ართმევს ძირითად უფლებებს და ქმნის იმ პროგრესის გაუქმების საფრთხეს, რასაც ქვეყანამ სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის მიმართულებით მიაღწია”.

Alaska Air Group-მა განაცხადა, რომ “ანაზღაურებს გარკვეულ სამედიცინო მკურნალობისა და პროცედურების ხარჯებს, თუ ისინი არ არის ხელმისაწვდომი საცხოვრებელ ადგილას. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ამას არ ცვლის”.

დასაქმებულებს მხარდაჭერას ჰპირდებიან Johnson & Johnson-ი, ონლაინ გაცნობის საიტები OkCupid-ი და Bumble, Netflix-ი და JPMorgan Chase & Co, ქვეყნის უმსხვილესი ბანკი.