LIVE

რუსეთის პოტენციურ დეფოლტამდე რამდენიმე დღე რჩება

23 ივნ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 968
რუსეთის პოტენციურ დეფოლტამდე რამდენიმე დღე რჩება

რუსეთი მიმდინარე კვირაში საგარეო ვალის გადახდის კიდევ ერთი გამოცდის წინაშე დგას. ქვეყნის პოტენციური დეფოლტამდე რამდენიმე დღე რჩება.

ობლიგაციებზე სამი საპროცენტო გადარიცხვა (კუპონის გადახდა), რომელიც ჯამში $400 მილიონს აღწევს, ხუთშაბათს და პარასკევს უნდა შესრულდეს. თუმცა, კიდევ უფრო საყურადღებოა კვირის დედლაინი, რომელიც მაისში გამოტოვებული გადახდის ბოლო ვადაა.

საგარეო ვალზე დაახლოებით $100 მილიონის გადახდები, საერთაშორისო სანქციების გამო შეფერხებულია, საშეღავათო პერიოდის ვადა კი 26 ივნისის დღის ბოლოს იწურება. თუ გადახდა არ შესრულდება, ამ მომენტიდან რუსეთისთვის დეფოლტი დადგება.

თეთრი სახლის მიზანს ამჟამად კრემლის დასჯა წარმოადგენს, რასაც რუსეთისთვის გარიყულის სტატუსის მინიჭებით ცდილობს.

რუსეთი ამტკიცებს, რომ დეფოლტს აიძულებენ და გამოსავლის პოვნას ცდილობს. ქვეყანამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულების თანახმად, რომელიც ობლიგაციების მომსახურების მექანიზმს ადგენს, მისი ვალდებულებები შესრულებულად ჩაითვლება, როგორც კი გადახდა რუბლებში განხორციელდება.

სამი კუპონიდან, რომლის გადახდა რუსეთს ხუთშაბათს და პარასკევს უწევს, პირველი ორისთვის 30-დღიან საშეღავათო პერიოდია, ხოლო ერთისთვის 15 სამუშაო დღეს.

ამ ობლიგაციებიდან არც ერთს არ აქვს პუნქტი, რომელიც რუსეთს დოლარის ნაცვლად რუბლში გადახდის უფლებას აძლევს, თუმცა ქვეყანას უფლება აქვს ალტერნატიული ვალუტები გამოიყენოს, მათ შორის ევრო, სტერლინგი და შვეიცარიული ფრანკი. თუ ფინანსთა სამინისტრო რომელიმე ამ ვალუტის გამოყენებას გადაწყვეტს, მან ობლიგაციების მფლობელებს სულ მცირე ხუთი დღით ადრე უნდა შეატყობინოს.

თუმცა, როგორც სხვა შეჩერებულმა გადახდებმა, ამ კუპონებმაც რუსეთის სანქცირებული ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარი უნდა გაიაროს. ეროვნული დეპოზიტარიდან ფული, როგორც წესი, საერთაშორისო დეპოზიტარებში ირიცხება, როგორიცაა Euroclear-ი, ხოლო იქიდან მეურვე ბანკებში, სადაც ცალკეული ობლიგაციების მფლობელებს აქვთ ანგარიშები.

24 ივნისს, ქვეყანას ასევე უწევს $159 მილიონის გადახდა, რომელსაც დოლარის გარდა სხვა ალტერნატიული ვალუტების გამოყენების პირობა არ აქვს. ამ გადახდის შესრულების შანსები მცირეა, რადგან აშშ თავის მოქალაქეებს რუსეთის სუვერენული გადახდების მიღების ნებას 25 მაისიდან აღარ რთავს.

უფრო მეტიც, ამ ობლიგაციისთვის გადახდის პროცესი რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებული ფინანსური ინფრასტრუქტურის, JPMorgan Chase-ის საშუალებით ხორციელდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია