LIVE

გერმანიაში გაზის კრიზისი გამოცხადდა

23 ივნ 202215:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 857
გერმანიაში გაზის კრიზისი გამოცხადდა

გერმანიის მთავრობამ ენერგეტიკის სფეროში ე.წ. განგაშის რეჟიმი აამოქმედა, რაც გაზით მომარაგების სფეროში საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ხდება.

რუსეთის მიერ ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შემცირება ენერგეტიკული ბაზრების კოლაფსის საფრთხეს ქმნის. 

“თუ ეს ტვირთი იმდენად გაიზრდება, რომ ვეღარ შეძლებენ მის ტარებას, რაღაც მომენტში მთელი ბაზარი დაინგრევა”, - თქვა ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის წინაშე დგას ბიზნესისა და მომხმარებლებისთვის ენერგიის ამოწურვის უპრეცედენტო პერსპექტივა. რამდენიმე თვის განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეტაპობრივად წყვეტდა მიწოდებას. ამ გზით პუტინი უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციებს პასუხობს. დაპირისპირება გასულ კვირას გამწვავდა გერმანიაში გაზის მკვეთრი შეწყვეტის შემდეგ, რამაც საფრთხე შეუქმნა ზამთრის რეზერვებს.

გაძლიერებული განგაში ამკაცრებს ბაზრის მონიტორინგს. მუშაობას განაახლებს ნახშირზე მომუშავე ზოგიერთი ელექტროსადგურიც. ჰაბეკი ევროპელ პარტნიორებს ენერგიის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდებს.

მესამე და უმაღლესი “გადაუდებელი” დონე მოიცავს სახელმწიფო კონტროლს გაზის განაწილებაზე. ჰაბეკი აცხადებს, რომ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა უნდა მოემზადოს რუსული გაზის ნაკადების შემდგომი შემცირებისთვის მას შემდეგ, რაც მოსკოვმა გასულ კვირას შეწყვიტა მიწოდება მთავარი მილსადენით. რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა Gazprom-მა 60%-ით შეამცირა ნაკადები ძირითადი Nord Stream-ის გაზსადენით.

გერმანია, რომელიც იღებს თავისი გაზის მესამედზე მეტს რუსეთიდან, გადავიდა საწყის “ადრეული გაფრთხილების” ფაზაში მარტის ბოლოს.  კრემლის მოთხოვნამ, საფასურის რუბლში გადახდის შესახებ, აიძულა გერმანია, მომზადებულიყო მიწოდების პოტენციური შემცირებისთვის.

ჰაბეკის მიწოდების შემცირებას პოლიტიკურად მოტივირებულის უწოდებს და აცხადებს, რომ მიზანი ბაზრების დესტაბილიზაციაა.

გაზი გერმანიის ენერგეტიკული მიქსის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი ჩანაცვლება უფრო რთულია, ვიდრე რუსული ქვანახშირისა და ნავთობის. გერმანიაში ელექტროენერგიის დაახლოებით 15% იწარმოება გაზისგან, რაც მნიშვნელოვანია სახლების გათბობისთვის და სამრეწველო პროცესებისთვის ქიმიურ, ფარმაცევტულ და ლითონის მრეწველობაში.

გერმანიამ გადადგა ნაბიჯები მიწოდების უზრუნველსაყოფად, მათ შორის Gazprom-ის ადგილობრივ შვილობილ კომპანიაზე კონტროლის აღებით. ქვეყანა ასევე აშენებს ინფრასტრუქტურას თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტისთვის აშშ-დან და სხვა მომწოდებლებიდან.

პარალელურად, საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელი ფატიჰ ბიროლი ევროპას აფრთხილებს, რომ ამ ზამთარს რუსული გაზის ექსპორტის სრული შეწყვეტისთვის მოემზადოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: არნე დელფსი და ვანესა დეზემი