გერმანიის მთავრობა Gazprom-ის ადგილობრივი ერთეულის გადასარჩენად, სესხის სახით, 10 მილიარდ ევროს ($10,4 მლრდ) გასცემს. ამის შესახებ Bloomberg-ი საკითხში გარკვეულ პირზე დაყრდნობით წერს.
გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სესხს გასცემს სახელმწიფო ბანკი KfW Group, რაც საბოლოოდ შესაძლოა იქცეს კომპანიაში პირდაპირ წილად მეურვეობის ახალი ფორმით მართვის პირობებში.
კომპანიის მეურვეობის ვადა სექტემბრის ბოლოსთვის იწურება. მისი სახელი Gazprom Germania შესაძლოა ახალმა დასახელებამ Securing Energy for Europe-მა ჩაანაცვლოს.
სესხის მიზანი კომპანიის ფინანსების დასტაბილურება და მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა მას შემდეგ, რაც რუსეთმა Gazprom Germania-ს მიწოდება შეუზღუდა.
ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი Gazprom Germania-ს სრულ ნაციონალიზაციას ითხოვდა, რაც მისი აზრით, კომპანიას განახლებაში დაეხმარებოდა, მაგრამ წყაროს ცნობით, წინადადებას მხარი კანცლერმა ოლაფ შოლცმა არ დაუჭირა. შოლცის ვარაუდით, ამგვარმა ნაბიჯმა შსაძლოა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გააღიზიანოს და რუსული გაზის იმპორტის გამო, დაპირისპირება გაამწვავოს.
მეურვეობაში გადასვლის შემდეგ, Gazprom Germania-ს სავაჭრო პარტნიორებმა ზურგი აქციეს, რის შედეგადაც მას ლიკვიდურობის პრობლემა შეექმნა.
"ამ მიდგომით, ფედერალური მთავრობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ამ ნაწილზე ინარჩუნებს გავლენას, რითაც ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს არიდებს თავს", - ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.
მთავრობის განცხადებითვე, ეს გადაწყვეტილება კომპანიას დაიცავს როგორც გაკოტრებისგან, ასე ბაზარს "კასკადური ეფექტისგან".
Gazprom Germania ქვეყანაში გაზის რამდენიმე საცავს ფლობს და ევროპის გაზისა და ელექტროენერგიით მომარაგების სისტემაში ერთ-ერთი წამყვანი მოვაჭრეა.
გერმანიამ Gazprom Germania-ზე დროებითი კონტროლი აპრილში აიღო.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: არნე დელფსი, მაიკლ ნიენბერი და ტოდ გილესპი