LIVE

ევროპაში Covid-19-ის შემთხვევებმა იმატა - CNN

23 ივნ 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 995
ევროპაში Covid-19-ის შემთხვევებმა იმატა - CNN

ევროპის ქვეყნებში Covid-19-ის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იმატა, რაც გამოწვეულია ომიკრონის უაღრესად ინფექციური ქვევარიანტების გავრცელებით. სპეციალისტები შიშობენ, რომ ამან შესაძლოა, დაავადების ახალი ტალღა წარმოქმნას, რადგან მოსახლეობაში იმუნიტეტი იკლებს, მოგზაურობის სეზონი კი იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

"BA.4 და BA.5 ქვევარიანტების ზრდა მიანიშნებს, რომ ეს ვარიანტები გახდება დომინანტი მთელს ევროკავშირში და, ალბათ, გამოიწვევს შემთხვევების ზრდას", - განაცხადა დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა (ECDC) გასულ კვირას. 

ოქსფორდის უნივერსიტეტის Our World in Data (OWID) პროექტის მიხედვით, ინფიცირების შემთხვევების რიცხვი იზრდება მრავალ ქვეყანაში, მათ შორის პორტუგალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ავსტრიაში, იტალიაში, შვეიცარიასა და ესპანეთში.

ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ომიკრონის ქვევარიანტები BA.4 და BA.5, ადრინდელ ვარიანტებთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება და უკეთ შეუძლია თავი დააღწიოს იმუნიტეტს. 

გადატანილი ინფექციები და ჩატარებული ვაქცინაცია ქვევარიანტებისგან განსაკუთრებით ძლიერ დაცვას ვერ უზრუნველყოფს, რის გამოც ისინი დომინანტური შტამები ხდებიან.

ECDC-ის თანახმად, BA.4 და BA.5 არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, მაგრამ, როგორც წინა ტალღების შემთხვევაში მოხდა, შემთხვევების ზრდამ შეიძლება გადატვირთოს ჰოსპიტლები და გაიზარდოს  სიკვდილიანობა. 

ერთ-ერთი ქვევარიანტის, BA.5-ის პოტენციური გავლენა ყველაზე თვალსაჩინოა პორტუგალიაში, სადაც გამოიწვია Covid-19 ინფექციების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა. 21 ივნისს, პორტუგალიაში ერთი კვირის განმავლობაში დღიურმა საშუალო შემთხვევების რიცხვმა მილიონ მოსახლეზე 1,332-ს მიაღწია, რაც მსოფლიოში მეხუთე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. პორტუგალიის საავადმყოფოში მყოფი ადამიანების რიცხვი თითქმის ისეთივე მაღალია, როგორც ეს იანვარში ომიკრონის ტალღის დროს იყო. 

აპრილის შემდეგ, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი პირველად გაიზარდა საფრანგეთშიც, სადაც ყოველ მილიონ ადამიანზე ახალი შემთხვევების რაოდენობა ამ თვეში თითქმის გასამმაგდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თუ მოწყვლადი და 60+ მოსახლეობა "ბუსტერით" დროულად არ აიცრება, ზაფხულში საფრანგეთში საავადმყოფოები შეივსება. 

საფრანგეთის ვაქცინაციის სტრატეგიის ხელმძღვანელმა ალენ ფიშერმა გუშინ თქვა, რომ საკითხავია არა ის, დგას თუ არა ქვეყანა ვირუსის ახალი ტალღის წინაშე, არამედ ის, თუ როგორი ინტენსივობის იქნება ის. მან ასევე აღნიშნა, რომ მხარს უჭერს გარკვეული შეზღუდვების აღდგენას, რათა ვირუსის გავრცელება შეიზღუდოს. 

BA.4 და BA.5 ქვეშტამების გამო, დიდ ბრიტანეთში ასევე მკვეთრად იზრდება როგორც ინფიცირების, ასევე ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების რიცხვი. 

საქართველოში 13 ივნისიდან 19 ივნისამდე პერიოდში დაფიქსირდა Covid-19-ის 616 შემთხვევა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.